30 მაისი 2026

მადლი და სულიერი ერთობა – გილოცავთ სულთმოფენობას, მარტვილიას!

31 მაისს მართლმადიდებელი სამყარო განსაკუთრებული სულიერი მნიშვნელობის დღესასწაულს — სულიწმიდის მოფენას წმიდა მოციქულებზე აღნიშნავს. ეს არის დღე, როდესაც უფლის აღთქმა აღსრულდა და მოციქულებზე გარდამოვიდა სულიწმიდა, რომელმაც მათ რწმენის, სიმტკიცისა და ღვთის სიტყვის ქადაგების ძალა მიანიჭა. სწორედ ამ მოვლენიდან იწყება ქრისტიანული ეკლესიის მადლმოსილი ისტორიის ახალი ეტაპი.

სულთმოფენობა – სულიწმიდის მოსვლის დღესასწაულის ხალხური სახელწოდებაა, ხოლო მარტვილია — სულიწმიდის მოფენის დღესასწაულის უძველესი სახელწოდება, რომელიც საღმრთისმსახურო წიგნებში უძველესი დროიდან უცვლელად მოიხსენიებოდა მათ ბეჭდურ გამოცემებამდე (XVIII-XIX სს.).

ეს დღე ერთიანობის, სიყვარულისა და ღვთიური მადლის სიმბოლოა. იგი თითოეულ ადამიანს ახსენებს, რომ ჭეშმარიტი ძალა სიკეთეში, სულიერ სიმტკიცესა და ურთიერთთანადგომაშია. მორწმუნეები ამ დღეს განსაკუთრებული ლოცვითა და სიწმინდით ხვდებიან, რათა საკუთარ გულშიც იგრძნონ სულიწმიდის ნათელი და მადლი.

გილოცავთ სულიწმიდის მოფენას წმიდა მოციქულებზე, სულთმოფენობასა და მარტვილიას!
დაე, სულიწმიდის მადლი, მშვიდობა და სიყვარული სუფევდეს თითოეულ ოჯახსა და სრულიად საქართველოში.
ღმერთმა გვიმრავლოს ერთობა, რწმენა და სულიერი ძალა!

ტროპარი
კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან ყოვლად-ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთმოყუარე, დიდებაჲ შენდა.

კონდაკი
რაჟამს-იგი გარდამოხდა და ენანი შეურივნა, მიმოდაყვნა მაღალმან ნათესავნი, ხოლო აწ, რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყვნა, ერთბამად მოიყვანნა იგინი. ამისთვისცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად-წმიდასა, თანასწორსა მამისა და ძისასა.