სამხარაძე: იწმინდება საქართველო მოღალატეებისგან!
დღეს, როგორც არასდროს, ისე არის დაცული ჩვენი სახელმწიფო. ჩვენი პროფესიონალი სამართალდამცავი უწყებების თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგებს ყველა ვხედავთ.
სიამაყით მევსება გული და დიდ მადლობას ვუხდი ყველა ძალოვან უწყებას ჩვენი სამშობლოს ღირსების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის გაწეული შრომისთვის!
აგენტურის გამოვლენა მარტივი საქმე ნამდვილად არ არის, ბევრ დიდ სახელმწიფოსაც კი უჭირს მსგავსი სპეცოპერაციების ჩატარება. გვეამაყებით, საქართველოს ყველა მცველო!
უფალი გფარავდეთ!
აქვე მინდა ერთი კითხვა დავსვა:
- ადრე მსგავსი რატომ არ ხდებოდა?
- რატომ არ ხდებოდა ჯაშუშების გამოვლენა და რატომ არ იყო შესაბამისი რეაგირება სპეცსამსახურების მხრიდან?
ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყველას შეგვიძლია.
ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, სპეცსამსახურებმა აქტიურად დაიწყეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ჯაშუშებისა და ჯაშუშური ქსელების გამოვლენა. ჩატარდა არაერთი ღონისძიება, რომლის მომსწრეც თითოეული საქართველოს მოქალაქეა.
სწორედ მამუკა მდინარაძის შემართებითა და გამბედაობით შეძლო სახელმწიფომ იმის გაკეთება, რაც ზოგიერთი ქვეყნისთვისაც კი რთული ან შეუძლებელია, ხოლო ზოგი ამისგან თავს იკავებს გაუბედაობის გამო. დიახ, გაბედო და უტყუარი მტკიცებულებებით ამხილო უცხო ქვეყნის ჯაშუში, ნამდვილად ადვილი არ არის.
კიდევ ერთხელ მადლობა ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გეკა გელაძეს, ასევე ყველა უწყებასა და მათ პირად შემადგენლობას ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის გაწეული სამსახურისათვის🙏🏻
დიმიტრი სამხარაძე
