გვარამია:”ვარდების რევოლუცია” ერთპიროვნულად არც სააკაშვილს გაუკეთებია
ნიკოლოზ გვარამია, ადამიანს, რომლის სახელსაც ის ერთ დროს ლოცულობდა, ტყუილის თქმაში ადანაშაულებს. მსჯავრდებულ სააკაშვილის ბრალდებას ნიკანორის წინააღმდეგ, გვარამია კრიტიკით ეხმაურება. მისი თქმით, რევოლუციას ერთი ადამიანი ვერ ახდენს და ეს 2003 წელს, ვარდების რევოლუციის დროს ერთპიროვნულად არც სააკაშვილს გაუკეთებია.
- „არ არის ეს სიმართლე რასაც ნიკასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მან დაშალა მიტინგი, არ ვიცი რას ნიშნავს – ვინმემ დაშალა მიტინგი, თუ ვინმეს რამის გაკეთება უნდოდა, იქ იყვნენ და შეეძლოთ გაეკეთებინათ. მიტინგების რევოლუციებში გადაზრდა ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით არ ხდება, ეს მიშა სააკაშვილის გადაწყვეტილებითაც არ მომხდარა 2003 წელს“, – განაცხადა პროკურორ-ჟურნალისტ-პოლიტიკოსმა გვარამიამ.
ცნობისათვის, მორიგი დაპირისპირება ოპოზიციაში კვლავ მიხეილ სააკაშვილმა შეიტანა და მასავით დილეგში მყოფ ნიკანორ მელიას ბრალდებებით სავსე განცხადება მიუძღვნა. სააკაშვილი საკუთარი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის მთავარ შეცდომად მიიჩნევს წლების წინ გამართული აქციის დაშლას, როდესაც, მისი პოზიციით, ხალხს სააკაშვილის გათავისუფლება შეეძლო. ამ დრომდე დუმს თავად მელია.
