გრანტიჭამიებო, შეეშვით ცუგებით მანიპულირებას!
სიმართლე, რომელიც ცილისწამებაზე ძლიერია: რატომ მტკივა გული სოფლის მეურნეობის რეფორმებზე საუბრისას?
არის მომენტები, როდესაც უბრალოდ ვეღარ დუმდები. ვუყურებ იმას, რაც დღეს ხდება და გული სიმწრით მევსება. მტკივა, როდესაც ვხედავ, რა დონეზე შეიძლება დაეცეს ადამიანი მხოლოდ იმისთვის, რომ სხვას ჩირქი მოჰცხოს. საუბარია სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და იმ უმნიშვნელოვანეს რეფორმებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის გატარდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო — ეს არის უწყება, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე, თუმცა დღეს ის დაუნდობელი თავდასხმების სამიზნე გახდა. ვინ ავრცელებს ამ ბინძურ ხმებს? დააკვირდით და დაინახავთ: ესენი ძირითადად ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალებია. თუმცა, მე მათ არც „ნაცებს“ ვუწოდებ და არც „ლეიბორისტებს“. ჩემთვის ამ ადამიანებს სხვა სახელი ჰქვიათ —ესენი არიან ფულზე დახამებული ადამიანები, რომლებისთვისაც სიმართლე და ქვეყნის ინტერესი არაფერს ნიშნავს პირადი გამორჩენის წინაშე.
ეს ჩემი სუბიექტური აზრია, თუმცა მას მყარი საფუძველი აქვს. როგორ შეიძლება თვალი დახუჭო იმ პროგრესზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს?
საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო დღეს ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად ითვლება ცხოველთა დაცვის კუთხით. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ნახეთ, რა შეფასებებს აძლევენ მსოფლიო დონის ექსპერტები და ცხოველთა უფლებადამცველები საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. ჩვენი ნაბიჯები ამ მიმართულებით არის ცივილიზებული, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი.
18-24 აპრილს, საერთაშორისო ვეტერინარული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პოლონელი ვეტერინარები სტუმრობდნენ. კამპანიის ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 500-მდე ცხოველის (ძაღლი, კატა) სტერილიზაცია-კასტრაცია, ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია. ღონისძიებების განხორციელების პროცესში ჩართულია ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი. ვეტერინარული პროცედურები ჩაუტარდა როგორც პატრონიან, ასევე მიუსაფარ ცხოველებს (ძაღლი, კატა). აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავდა ცხოველთა უკონტროლო გამრავლების პრევენციას, დაავადებების გავრცელების შემცირებას, ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. აღნიშნული კამპანია, პოლონელი ვეტერინარების მონაწილეობით, საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა.
შეუძლებელია, არ გადაუხადო მადლობა ხელისუფლებას იმ ნებისყოფისთვის, რომლითაც ამდენი წინააღმდეგობის მიუხედავად, საქმეს ბოლომდე აკეთებენ. რეფორმები, რომლებიც დღეს ტარდება, ხვალინდელი დღის გარანტიაა.
და ბოლოს, მინდა ყველას შევახსენო: ცუგები ჩვენი მეგობრები არიან! მათზე ზრუნვა ჩვენი ადამიანობის გამოცდაა. ვინც ამ კეთილშობილურ საქმეს პოლიტიკური ქულების დასაწერად და ტალახის სასროლად იყენებს, მას უბრალოდ არც ცხოველების სიყვარული გაეგება და არც საკუთარი ქვეყნის პატივისცემა.
სიმართლე ყოველთვის იპოვის გზას და ეს ცილისწამებაც ისევე გაქრება, როგორც სხვა ბევრი ბოროტება. ჩვენ კი უნდა განვაგრძოთ შენება და ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა!
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია
