11 მარტი 2026

დავით ჩიტაია: ეს სამარცხვინო ფაქტი დარჩება ისტორიას!

ყველაფერში ზომიერება გვმართებს!
ვუყურე ტვ.რუსთავი-2-ზე გამართულ დებატებს. სამწუხაროა რომ უკრაინის მიმართ ოპოზიცია იგივე ნარატივს ავითარებს, თითქოს საქართველო უკრაინას გვერდით არ უდგას, თითქოს ჩვენ ვუღალატეთ ქართულ- უკრაინულ მეგობრულ ურთიერთობებს და ა. შ.

  • ჩვენმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა უკრაინის სასარგებლოდ მიღებულ ყველა საერთაშორისო რეზოლუციას. არაფერს ვამბობ იმ ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რომელსაც დღემდე ვუწევთ მოძმე უკრაინელებს.

ვაფასებ და პატივს ვცემ უკრაინელ ხალხს. პირველად საქართველოში ჩემი ინიციატივით გაიხსნა დავით გურამიშვილის ქართულ- უკრაინული საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის რექტორიც მე გახლდით.

  • პირველად საქართველოში ამ უნივერსიტეტში უკრაინული ენა შემოვიღეთ როგორც სავალდებულო საგანი, ისწავლებოდა უკრაინის ისტორია.
  • პირველად, პროფესორ გურამ მარხულიასა და ჩემი თანაავტორობით გამოვეცით ქართულ ენაზე ” უკრაინის ისტორია”, დამხმარე სახელმძღვანელო სტუდენტთათვის.
  • 2009 წელს გამოიცა ჩემი მონოგრაფია ” უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიიდან”.

როდესაც საქართველოში უკრაინის საელჩოს შევთავაზეთ უკრაინულ ენაზე გამოგვეცა საქართველოს ისტორია და ასევე ქართული ენა შეეტანათ, თუნდაც არჩევით საგნად ერთერთ უკრაინულ უმაღლეს სასწავლებელში, სრული დუმილი.

  • როცა მეორედ შევახსენეთ ატაშესგან მივიღეთ პასუხი: ” მასშტაბს ხომ უნდა შეხედოთ..თქვენ და უკრაინა ?!”

ასე დასრულდა ეს ისტორია. მეორე დღესვე ბრძანებით ქართულ- უკრაინულ უნივერსიტეტს ეწოდა ” დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი”, უკრაინული ენა კი სავალდებულოდან გადავიტანეთ არჩევით საგანთა ნუსხაში…

უკრაინელ ხალხს სოლიდარობა, შეუძლებელია გულთან არ მიიტანო იმ ადამიანების ტკივილი, მაგრამ უკრაინული ხელისუფლების უმადურობაზე ვერ გავჩუმდები. ჯერ ერთი, გადავხედოთ ისტორიას.

2008 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ უკრაინის ხელისუფლება ფიანდაზად გაეგო პუტინს. არაფერს ვამბობ, ზელენსკიმ კრემლის დიდ საკონცერტო დარბაზში როგორ ასიამოვნა პუტინს, როცა ქართველებს და ქართულ დროშას დასცინა!

გაგახსენებთ ” სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის N 3083 დადგენილების პროექტს “საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის დაგმობის შესახებ.

N 3053 დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა უკრაინული რადის მხოლოდ 65- მა დეპუტატმა 450 დეპუტატიდან.უფრო მეტიც, ” სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო აგრესიის დაგმობის შესახებ” N 3070 დადგენილების პროექტს, საქართველოს მხარი დაუჭირა უკრაინული რადის მხოლოდ 15- მა პროცენტმა, ხოლო საქართველოს წინააღმდეგ ხმა მისცა რადის 45- მა პროცენტმა, დანარჩენმა დეპუტატებმა სრული გულგრილობა გამოიჩინეს.

ეს სამარცხვინო ფაქტი დარჩება ისტორიას!
ასე რომ, ყველაფერში ზომიერება გვმართებს!

დავით ჩიტაია

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ისტორიკოსი-მკვლევარი