12 იანვარი 2026

თბილისს მალე ახალი სამთავრობო უბანი ექნება

საქართველოს პარლამენტი, რომელიც ამჟამად რუსთაველის გამზირზე ისტორიულ შენობაში არის განთასვებული, შესაძლოა გედევანიშვილის ქუჩაზე, არსენალის მთაზე ახალ ოფისში გადავა.

ამას ითვალისწინებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მთავრობის დავალებით გამოცხადებული ბაზრის მოკვლევა, რომელიც არამხოლოდ პარლამენტის, არამედ მთავრობის ადმინისტრაციის კომპლექსის, თბილისის მერიის და ცხრა სამინისტროს არსენალის მთაზე, ახალ ადმინისტრაციულ შენობებში გადატანის მიზნით პროექტირების სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.

მთავრობა თავდაპირველად სამთავრობო ქალაქის მშენებლობას ორთაჭალაში გეგმავდა, თუმცა როგორც ირკვევა, პროექტის მისამართმა არსენალის მთაზე, კუკიას ძმათა სასაფლაოს მომიჯნავე ტერიტორიაზე გადაინაცვლა, სადაც მთავრობას 77 ჰექტარის მიწის ნაკვეთი ეკუთვნის და ეს ტერიტორია თბილისის ფარგლებში ერთ-ერთი უმსხვილესი ზონაა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის მოკვლევის თანახმად, პროექტის ფარგლებში სულ 282,750 კვადრატული მეტრის ახალი საოფისე და ადმინისტრაციული ნაგებობები უნდა აშენდეს. მათ შორის უნდა მოეწყოს ღონისძიებების გასამართი არანაკლებ 10,000 კვადრატული მეტრის მისაღები სივრცეც. ჩამოთვლილ ობიექტებს შორის ყველაზე დიდი იქნება თბილისის მერია 59,900 კვადრატული მეტრის ფართობით, პარლამენტის შენობისთვის კი 31,350 კვადრატული მეტრის საოფისე შენობა იქნება გათვალისწინებული.

ტერიტორიაზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობები:

  • პარლამენტის შენობა, ფართით არანაკლებ 31,350 მ²
  • მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, ფართით არანაკლებ 7,000 მ²
  • ღონისძიებების დარბაზი, ფართით არანაკლებ 10,000 მ²
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფართით არანაკლებ 7,500 მ²
  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 20,700 მ²
  • რეგიონული განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,200 მ²
  • დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 51,900 მ²
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ 23,800 მ²
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 47,400 მ²
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 7,600 მ²
  • კულტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,600 მ²
  • თბილისის მერია, ფართით არანაკლებ 59,900 მ²
  • საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ფართით არანაკლებ 7,000 მ²
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ფართით არანაკლებ 1,800 მ²
  • სამეურნეო/დამხმარე ფუნქციის მქონე შენობა-ნაგებობები.
  • არქიტექტურული კომპანიებისგან ბაზრის მოკვლევაზე შესაბამისი პასუხის მიღების შემდეგ მთავრობამ პროექტის დასაწყებად შესაძლოა განაშენიანების რეგულირების გეგმა მუნიციპალიტეტს შეუთანხმოს, შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ კი შესაძლოა მისი განხორციელება დაიწყოს. ამ დროისთვის პროექტი 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არაა.

არქიტექტურულ ბიუროს, რომელიც ბაზრის მოკვლევაში მიიღებს მონაწილეობას შემდეგი გამოცდილება უნდა ჰქონდეს:

  • “არანაკლებ 50 000 მ2 ფართობის III ან/და IV კლასის შენობების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება, რომელთა მშენებლობაც უკვე განხორციელებულია,”- ნათქვამია დოკუმენტში.

ბაზრის მოკვლევა 23 დეკემბერს სრულდება, გამარჯვებულმა არქიტექტურულმა ბიურომ პროექტირების სამუშაოები 4 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.

ჯერჯერობით უცნობია რამდენი ასეული მილიონი ლარი შეიძლება დაჯდეს ეს პროექტი.

“პროექტის მთავარი მიზანია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და თანამედროვე, ერთიანი და მდგრადი სივრცის შექმნა, რომელიც სრულფასოვნად იქნება ინტეგრირებული დედაქალაქის გეგმარებით სტრუქტურაში.

არსებული ტერიტორიის განვითარება უნდა მოხდეს ისე, რომ იგი იქცეს ქალაქის განუყოფელ ნაწილად და ხელი შეუწყოს საჯარო და სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერებასა და ოპტიმიზაციას, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ორგანიზებასა და შეუფერხებლად ჩატარებას.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად,დაგეგმილია „სამთავრობო ქალაქის“ გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადება, რომლის საფუძველზეც სამომავლოდ დამუშავდება დეტალური პროექტი.

დავალება გულისხმობს ტერიტორიის გენერალური გეგმის შემუშავებას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს განაშენიანების ფუნქციურ გადანაწილებაზე, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და რაციონალურ განვითარებაზე, ქალაქის არსებულ ინფრასტრუქტურასთან სრულფასოვან ინტეგრაციაზე, აგრეთვე ლანდშაფტური დაგეგმარებისა და კეთილმოწყობის საკითხებზე.

დავალების ფარგლებში ასევე უნდა დამუშავდეს დასაგეგმარებელი შენობა-ნაგებობების ესკიზური პროექტები და სახელმძღვანელო მითითებები შემდგომში მათი დეტალური პროექტირებისათვის,”- ნათქვამია განმარტებით ბარათში.

უცნობია რა გეგმა აქვს მთავრობას იმ არსებული შენობებისთვის, რომელთა ფუნქციის გადატანაც არსენალის მთაზე იგეგმება. მაგალითად გაიყიდება თუ არა თბილისის მერიის, ჯანდაცვის სამინისტროს, მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის თუ სხვა უწყებების არსებული შენობები.