ჯუანშერს უტევენ- ცოლის ძმის სიგარეტის ქარხანა დაულუქეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა.
ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან არალეგალური საწარმოს დამფუძნებელი მოქალაქე ვ.ა., დირექტორი მ.ა. და ამავე საწარმოს უსაფრთხოების უფროსი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის – პირადი დაცვის წევრი ნ.ც.
გაირკვა, რომ პატიმრობაში მყოფი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ ვასილ მხეიძემ 2023 წელს დააფუძნა კომპანიები და ქალაქ გორში მოაწყო სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, სადაც წლების განმავლობაში ახორციელებდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გამოშვებას.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზემოაღნიშნული ქარხნიდან და მიმდებარედ არსებული საწყობიდან ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 2 176 341 ლარის საბაზრო ღირებულების ჯამში 323 851 ერთეული კოლოფი უაქციზო სიგარეტი KARELIA (კარელია).
ამოღებულია ასევე სიგარეტის დამამზადებელი დანადგარები და წარმოებისთვის აუცილებელი სხვა პროდუქტები.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გუგა თავბერიძემ განაცხადა, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა სარეალიზაციოდ გამზადებული 2 176 341 ლარის საბაზრო ღირებულების, ჯამში 323 851 ერთეული კოლოფი უაქციზო სიგარეტი KARELIA (კარელია), სიგარეტის დამამზადებელი დანადგარები და წარმოებისთვის აუცილებელი სხვა პროდუქტები ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 10 წლამდე ვადით.
