ფრიდრიხ მერცი – უკრაინა სანამ ომის მდგომარეობაშია, ვერ გახდება ნატო-ს ან ევროკავშირის წევრი

გერმანიის მომავალი კანცლერი, “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინა ნატო-სა და ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, სანამ ომი გრძელდება.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მერცმა გამოცემა Handelsblat-თან ინტერვიუში განაცხადა.
- „უკრაინა ომის მდგომარეობაშია და ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ვერ გახდება ნატო-ს, ან ევროკავშირის წევრი. ეს ეხება ამჟამინდელ მომენტს“, – განაცხადა მერცმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ დაპირება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ისევე როგორც ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა, ძალაში რჩება, თუმცა, ამის მისაღწევად, ჯერ ომი უნდა შეწყდეს. ამასთან, მერცის თქმით, რუსეთის ამტანობა არასათანადოდ არ უნდა შეფასდეს.
- „ადამიანების დაუნდობელი განადგურება ყოველთვის რუსული პოლიტიკის ნაწილი იყო. ძნელია იმედი გქონდეს, რომ ომი თავისით დასრულდება – ქვეყნის დაღლილობის ან რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხების გამო“, – აღნიშნა მერცმა.