მანანა სუხიშვილი: ვინ მფარველობს ბაიკერებს?

ე.წ. ბაიკერებს მართლა სერიოზული მფარველი ყავთ, ვფიქრობ, იგივე ხელისუფლებაში, თორემ ნამდვილად ვერ გაბედავდნენ იმას, რასაც ბედავენ. არ ვიცი, საპატრულო პოლიცია თავად ხუჭავს თვალს, ხსენებულთა აღვირახსნილობაზე, თუ „ზემოდან“ ახუჭვინებენ. გადაჭარბებული სიჩქარით და ამაზრზენი ღრიალით ჯლიგინი ერთია, რომლის აღკვეთაზეც პატრული იმ მიზეზით აცხადებს უარს, რომ სიჩქარის და ხმაურის მზომები არ აქვთ და ვერ მოედავებიან.
გადაჭარბებული სიჩქარის დაფიქსირება თუ სათვალთვალო კამერებს გადაულოცეს, მოტოციკლის ბღავილის გამზომი არც ჰქონიათ. ერთ-ერთმა პატრულმა „დამამშვიდა“, დედაქალაქის მერიამ შეიძინა ხმაურის მზომები და დაამონტაჟა ქუჩებში, დაფიქსირდება დარღვევა და დამნაშავე დაისჯებაო. ამ მზომის არსებობის შესახებ რომ ვერაფერი შევამჩნიე, ახლობელ პროფესიონალს ვკითხე, არ დაიჯერო, არავითარი ხმაურის მზომი. ერთი პერიოდი კი ითქვა, რომ ვითომ მიხედავდნენ ამ საკითხს, მაგრამ დარჩა ასე მოარულ ხმადო.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ ე.წ. ბაიკერთა 80%-ს მართვის მოწმობებიც არ ჰქონიათ. რაც შეეხება სახელმწიფო სანომრე ნიშნებს, რამდენ მოტოციკლზე იყენებენ ერთი და იგივე ნომერს, ღმერთმა იცის.
19 თებერვალს, დიდუბეში დამრღვევ შავ მოტოცილს რომელი სანომრე ნიშანიც ეკეთა, მეორე დღეს ეს ნომერი ლურჯ მოტოზე იყო მიმაგრებული. კი ჩავაყენე საქმის კურსში საპატრულო პოლიცია, კაი ხანიც ვისაუბრეთ, მაგრამ რა რეაგირება მოახდინეს, უცნობია. დღეს, 25 თებერვალს „დუეტად“ მოძრავიდან ერთ-ერთს, წითელ, ბოლო ხმაზე აბღავლებულ, დიდი სიჩქარით მოძრავ „დრანდულეტს“, რომელსაც „მადარტის“ წარწერებიანი „პილოტი“ მართავდა, საერთოდ არ ეკეთა სახელმწიფო ნომერი. კი გადავეცი 112-ს, მაგრამ პატრულის მხრიდან, სრული დუმილია.
„გონივრული“ ეჭვი გვაქვს სამეზობლოს, რომ ეს კუჭაშლილივით მორბენალი „ბაიკერები“, „გულანთებულების“ აქციებზე დარბიან. არ არის გამორიცხული, კურიერის „შმოტკები“ და ჩანთებიც კამუფლიაჟი იყოს, „გულანთებულები“ პოლიციის ყურადღების ცენტრში რომ არ მოხვდნენ.
ახლობელმა მომიყვა, რამდენიმე დღის წინ მცხეთის სასაფლაოსთან შიომღვიმის მიმართულებით მოძრავი, „გლოვოს“ და „ვოლტის“ კურიერის ეკიპირებიანი რამდნიმე მოტოციკლი რომ დავაფიქსირე, გამიკვირდა, ამათ აქ რა ესაქმებათ-თქო. რა საკვების მიტანა, ნარკოკურიერები არიან, მონიშნულ ადგილებზე დებენ „ტავარს“ და მერე „მყიდველი“ მოაკითხავსო…