ნაც.მოძრაობის ნეკროლოგი ბარნოვისგან: მკვდარი ენმ-ს ადგილზე ახალიც ვერაფერი ამოვა
ნაც.მოძრაობა მოკვდა, ვითომ სიცოცხლეს სიკვდილი ჯობდა, გვირგვინს მაინც დავდებთ,თან გვეცოდინება, რომ მზისქვეშეთში ადგილი განთავისუფლდა.- წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის ყოფილი უფროსი; გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორი; შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი; პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი; არასამთავრობო ორგანიზაციის – სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის გამგეობის ყოფილი თავმჯდომარე; საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის ყოფილი თავმჯდომარე. ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ანდრო ბარნოვი.
“ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: ენმ საბოლოოდ მოკვდა და ვერანაირი არჩევნები ვერ გააცოცხლებს. “ვითომ სიცოცხლეს” სიკვდილი ჯობდა, გვირგვინს მაინც დავდებთ. თან გვეცოდინება, რომ მზისქვეშეთში ადგილი განთავისუფლდა.
სავალალო ის არის, რომ აუცილებელი არ იყო, ასე მომხდარიყო. ნულოვანმა შიდა დემოკრატიამ ქნა ეს ყველაფერი. ჭრილობაზე მარილი რომ არ ვაყარო, მკვლელებს არ ჩამოვთვლი, თუმცა ვისაც მელია მკვლელი გონია, ცდება. მელია ძველი მეგრული ქელეხის თამადა იყო, მკვდარი სუფრასთან ყავდა და უბერავდაააა… რა ენაღვლებოდა? დოლ-გარმონი უკვე შეკვეთილი იყო, სუფრაც – გაშლილი.
უფრო სავალალო ისაა, რომ მკვდარი ენმ-ს ადგილზე ახალიც ვერაფერი ამოვა. შეიძლებოდა, ამოსულიყო, თუმცა ეს პირადად მიშამ არ დაუშვა. მან ვერ აღიქვა პარტიის დიდი ხნის წინ გარდაცვალების ფაქტი. ვერ, ან – არ. საბოლოოდ, საკუთარი პოლიტიკური კაპიტალიც მკვდარს გაანიავებინა და ვერ აღიქვა ეს მანამ, სანამ თავად ფიზიკურად არ დადგა დღევანდელი სავალალო რეალობის წინაშე.
ეს უდიდესი შეცდომაა, არც ვიცი, როგორ უნდა დაუშვას მიშასნაირმა გამოცდილმა პოლიტიკოსმა ასეთი კატასტროფა, მაგრამ ლაპარაკი გვიანია… აღარც აზრი აქვს. მკვდარი მკვდარია. გარდაცვალების მიზეზის მიუხედავად.
ასეა თუ ისე, ადგილი ცარიელი არ დარჩება. ცოცხალ-მკვდარი ენმ-ს საბოლოო სიკვდილი კი ქოცნების სიკვდილს მხოლოდ დააჩქარებს. მთავარიც ესაა.”- წერს ბარნოვი.