7 დეკემბერი 2024

პუტინი: გაოცებული ვარ იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელმძღვანელობა თავის პოზიციას იცავს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაკვირვებულია იმ სიმამაცითა და ხასიათით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება თავის პოზიციას „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იცავს.

მან აღნიშნა, რომ გაოცებული აკვირდებოდა ყველაფერს, რაც საქართველოში ხდებოდა.

  • „ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობა საქართველოს ხელმძღვანელობასთან. მე უბრალოდ გაოგნებული დავრჩი მათი სიმამაცითა და ხასიათით, რაც გამოიჩინეს თავიანთი თვალსაზრისის დასაცავად“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა.

პუტინმა ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების შიდა პოლიტიკაში დასავლეთის ჩარევის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას, თქვა, რომ „ის, ვინც იხდის, მელოდიას უკვეთავს“.

პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში პოლიტიკურ საქმიანობაში უცხო ქვეყნების ფულით მონაწილეობენ.

მანამდე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია დასავლეთის ქვეყნების მიერ დსთ-ში ქაოსის შექმნის მცდელობების შესახებ.