ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია ბიძინა ივანიშვილს დახმარებას სთხოვს!
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და დახმარებას სთხოვს:
ბატონო ბიძინა,
ნამდვილად არ მეგონა თუ ამ ზომამდე მივიდოდი და ღია წერილით მოგმართავდით. წლებია ვითხოვ ელემენტარულ სამსახურს, რომ არ ვიყო სხვისი მათხოვარი და მქონდეს საკუთარი ფინანსური შემოსავალი ელემენტარული ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად. (ინფარქტი და ორჯერ ინსულტი)
წლებია ვერ მოგვარდა ჩემი პრობლემა! ნეტავ, ვის რა დავუშავე სავარაუდოდ, სუს-ში, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, რომ ასე დაჟინებით ბლოკავს ჩემს კანდიდატურას სრულიად უმნიშვნელო პოზიციაზეც კი.
ასე “ნაცები” ნამდვილად არ იქცევიან და არ წირავენ სასიკვდილოდ საკუთარ ერთგულ მხრდამჭერებს!
ვინ არ შემპირდა „დღე-დღეზე“ სამსახურს – მაგრამ რაღაც, თუ ვიღაც უხილავი ძალა ყველანაირად ბლოკავს დადებითი გადაწყვეტილების მიღებას და ფაქტობრივად ჩემი სიცოცხლის გახანგრძლივებას.
მესმის, ესეც ერთგვარი ხრიკია, რომ დამაპირისპირონ თქვენთან – მალანძღინონ, მაგინებინონ, რომ მერე თქვან: „აი, არ გეჯერათ, ხომ გეუბნებოდით ნაცია და ნაცებთან წავიდაო!“
ვიცი ამის მიღწევა სურთ და სხვა გზას არ მიტოვებენ, გარდა იმისა, რომ წავიდე სამუშაოდ „ფორმულაში“ ან „მთავარ არხზე“ და თქვენ სალანძღავად სიხარულითაც მიმიღებენ.
ცდება, ვინც ჩემს ერთგულებას, გამოცდილებას და ინფორმაციის ფლობის მასშტაბებს არ აფასებს. რას მიზამენ – მცემენ, მომკლავენ? მაინც აქეთ მივყავართ და ბარემ წამში დასრულდება ჩემი ტანჯვა.
“ქართული ოცნების” დაარსების დღიდან ვარ ამ პარტიის და მისი დამფუძნებლის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ერთგული.
იმ ავბედით წლებში ვიყავი “ინფო9”-ის რეგიონული ჟურნალისტი, ამის გამო განხორციელდა მრავალი მუქარა, შანტაჟი, შეტევა ჩემზე და ჩემს ოჯახზე.
ბუნებაში არ არსებობს არც ერთი ნიუსი, ვიდეო, აუდიო სტატია, სადაც თუნდაც ირიბად ვუცხადებ უნდობლობას ან ვლანძღავ ამ ძალას. პირიქით, უანგაროდ გვერდით ვედექი და ვუდგავარ ყველა არჩევნებზე.
ხანდახან ვფიქრობ, რომ მსგავსი ერთგულება დანაშაულია…
ფაქტობრივად, “ინფო9 ” -ის რეორგანიზაციის დღიდან ვარ უმუშევარი, როცა ჩემი კოლეგები დღეს მაღალ თანამდებობებს იკავებენ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში მედიის მიმართულებით.
მათზე მაღლა და თბილად უფრო მეტად კი ის “კოლეგაა” ვინც პირდაპირი მნიშვნელობით მონურად ემსახურებოდა სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმს და ახშობდა თავისუფალ სიტყვას.
უმუშევრობამ, ფინანსურმა გაუსაძლისმა ყოფამ, ნერვიულობის ნიადაგზე დამმართა ინფარქტი, ორჯერ ინსულტი და ღვთის წყალობით ვვარსებობ დღემდე.
მიუხედავად სამსახურის “დღე-დღეზე “დაწყების მრავალი დაპირებისა, დღემდე ვარ უსამსახუროდ და სიცოცხლის გადასარჩენად, სამკურნალო ხარჯების მოსაგროვებლად მიწევს მათხოვრობა სხვადასხვა თანამდებობის პირებისთვის, რომ როგორმე გავიხანგრძლივო სიცოცხლე.
არ ვიცი რა ჰქვია ჩემს ყოფას, მაგრამ აი, ასე დავემსგავსე მონანიების მშიერტველა უნიფხვო მონას, რომელიც არ კარგავს იმედს და ეძებს იმ ჩინოვნიკს, რომელიც ყოველი დაპირების ჯერზე ბლოკავს ჩემს კანდიდატურას ყველაზე დაბალ, უმნიშვნელო თანამდებობაზეც კი.
ღმერთმა შეგინდოს რომელიც ხარ, შენი შხამიანი მისია ამ ცხოვრებაში ეს ყოფილა.
სამწუხაროდ, ჩემი დაავადების კვლევების დაფინანსება არ შედის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულთა ნუსხაში. მკურნალი ექიმის კატეგორიული მოთხოვნით კი გადასარჩენად სასწრაფოდ მჭირდება 4-5 ათას ლარიანი კვლევების ჩატარება .
მადლობა ყველა ადამიანს, ვინც თითო ლარის დახმარება გაქვთ გაწეული.
მრცხვენია, რომ უკვე მერამდენედ მიწევს მათხოვრობა.მაგრამ სხვა გზას, გამოსავალს ვერ ვხედავ.
მოგმართავთ დასახმარებლად ვისაც გესმით ჩემი გამოუვალი სიტუაციის, ღმერთმა ასიათასად დაგიბრუნოთ თითოეული თეთრი.
შენდობას ვითხოვ! რა თქმა უნდა, მჯერა თქვენი გულისხმიერების და სიკეთის! “– წერს გოჩა ნაჭყებია.
დახმარების მსრუველებს თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ საქართველოს ბანკის ანგარიშზე:
GE27BG0000000101176659