პაპუაშვილი: ეს არის საზოგადოების დაცინვა!
კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახლა უკვე ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
- „ეს არის საზოგადოების დაცინვა. ქალბატონმა სალომემ ყველა მეთოდი გამოიყენა იმისთვის, რომ აჩვენოს ერთი რამ: ის თავს არ მიიჩნევს ამ ქვეყნის მოქალაქედ, კონსტიტუცია მისი კონსტიტუცია არ არის და ეს ხალხი მას თავის ხალხად არ მიაჩნია.
- ქართველ ხალხს დასცინის, რომ ერთდღიანი კანონი უნდა მივიღოთ. ეს ხომ საერთოდ ქართველი ხალხის დაცინვაა. კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახლა უკვე ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა.
- ეს კანონი ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონია. რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს, ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ კანონის ქართულობას. იმდენი უცხოელი ჩაერია ამ საკითხში, თავად რომ არიან დონორები და აფინანსებენ, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ, ეს ზუსტად აჩვენებს იმას, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელსაც ეს პარლამენტი იღებს, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეტოს დავძლევთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უკან უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლის ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.