საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" პაატა იმნაძე – ბავშვი წელიწადში 18-ჯერ რომ გაცივდეს, ნორმაა! – თბილისი 24
27 თებერვალი 2024

პაატა იმნაძე – ბავშვი წელიწადში 18-ჯერ რომ გაცივდეს, ნორმაა!

ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც ბაღში არ დადის, წელიწადში 6-12-ჯერ რომ გაცივდეს, ან ვირუსი შეხვდეს, ნორმაა. თუ ბავშვი ბაღში დადის, ეს მაჩვენებელი 18-მდე არის – წელიწადში ბავშვი 18-ჯერ რომ გაცივდეს, ნორმა არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ქვეყანაში მუდმივი მეთვალყურეობა მიმდინარეობს 21 სახეობის ვირუსზე.

  • „ბოლო კვირის მონაცემებით, ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი, რომლის პროცენტული მაჩვენებელი 40-ზე მეტს შეადგენს. ძირითადად, ეს არის H1N1 ვირუსი (ე.წ. ღორის გრიპი) რომელიც ე.წ. პანდემიური ვირუსია, მან 2009-2010 წლების პანდემია გამოიწვია, ახლა ის სეზონური ვირუსის სახით არის ჩამოყალიბებული. მცირე რაოდენობით ფიქსირდება H3-ც, რომელიც ასევე პანდემიური ვირუსი იყო.

ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსიც, რომლის პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ ბევრია, 20%-მდეა. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ბავშვებში, შესაძლოა, მძიმედ მიმდინარეობდეს.

რაც შეეხება დღეს არსებულ ვითარებას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. წინა წლებში კორონავირუსი იყო წამყვანი, ეს ვირუსებიც არსებობდნენ, თუმცა პირბადის ტარება იცავდა მათგან მოსახლეობას. დღეს, სამწუხაროდ, ნიღაბი არავის უკეთია. შეიძლება ითქვას, რომ ახლა „აიშვეს“ და ზამთრის პერიოდში ჩვეულ ადგილს დაუბრუნდნენ ეს ვირუსები, რომლებიც 2 წელი არსად ჩანდნენ.

ბავშვები ისე გაიზარდნენ, რომ იზოლაციაში იყვნენ, ყველა ნიღბით დადიოდა და ამ ვირუსებით არ ყოფილან ინფიცირებულები. ბავშვები ახლა დაინფიცირდნენ ამ ვირუსებით და ავადობის მაჩვენებელი მათთან უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.

ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც ბაღში არ დადის, წელიწადში 6 -12- ჯერ, რომ გაცივდეს, ან ვირუსი შეხვდეს ნორმა არის. თუ ბავშვი ბაღში დადის, ეს მაჩვენებელი 18-მდე არის, წელიწადში ბავშვი 18-ჯერ რომ გაცივდეს ნორმა არის. 200-მდე სხვადასხვა ვირუსია, რომელიც ზამთარში გაციების სიმპტომებს იწვევს. გამორჩეულია გრიპი, რომელიც შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს“,- აღნიშნა იმნაძემ.