15 თებერვალი 2025

აშშ-ს საელჩო: სუს-ის ბრალდებები CANVAS-ის მიმართ მცდარია და აბსურდული!

ამერიკის საელჩო საქართველოში მცდარს და აბსურდულს უწოდებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ორგანიზაცია „კანვასის“ წევრების მიერ ხელისუფლების დამხობის პროცესში მონაწილეობის შესახებ.

CANVAS”-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას.

აშშ-ის საელჩო აცხადებს , რომ მათი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ ბრალდებები მცდარია.

  • USAID-ი საქართველოს მოსახლეობას 1992 წლიდან უჭერს მხარს, როგორც ყოველთვის, ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა და მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება ჰქონდეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ორივე ქვეყანა იზიარებს.

  • ” მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები“, – ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.