ნინიკო მშვიდობაძე: სამშობლო ხელისუფლებები არაა, არც ხაჭაპურია და არც მიმწვარი ნამცხვარი
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე შესაძლოა, ქართული სტენდი აღარ იყოს. ამის მიზეზი კი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი მწერლები არიან, რომლებსაც ხსენებულ ბაზრობაზე წელს საქართველო უნდა წარედგინათ.
- სულ მეფიქრება: რა მნიშვნელობა აქვს ვინაა შენი ქვეყნის ხელისუფალი, როცა საქმე შენ ქვეყანას ეხება. როგორი მოწინააღმდეგეც უნდა იყო არსებული მთავრობისა, მთავარი ხომ შენი ქვეყანაა, შენი სამშობლო (ან უნდა იყოს მთავარი).
- ფრანკფურტის ბაზრობა რომ მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, ეს ყველამ ვიცით და აქ საქართველოს წარდგენა არა მხოლოდ მწერლის პრესტიჟია, არამედ და უპირველესად – ქვეყნისაც.
- გამოდის, რომ ის მწერლები, რომლებიც თავიანთი (მე ვიტყოდი აბსურდული) ბოიკოტით უარს აცხადებენ მსოფლიოში უდიდეს წიგნის ბაზრობაზე წარადგინონ საქართველო, ბოიკოტს სწორედ საქართველოს – სამშობლოს – მამულს უცხადებენ და ისიც გამოდის, რომ მწერალ-პოეტთა ამ კატეგორიას ტყუილად არ ვუწოდებ უსამშობლოებს.
- თუ ასე არაა, რას დაეძებენ ვინაა მინისტრი, ვინაა პრემიერი, ვინაა მწერალთა სახლის დირექტორი, უმთავრესი ხომ სამშობლოა, სამშობლოს კი, ჩვენ მოცემულობაში საქართველო ჰქვია და მისი სადმე წარდგენა თუ მისი სახელით სადმე წარდგომა სწორედ პრესტიჟის საკითხია.
- “ბოიკოტის რეჟიმში მყოფი მწერლებიც” რა უცნაურად ამაზრზენი წინადადებაა, მაშინ, როცა საქმე სამშობლოს ეხება, ეტყობა ამ მწერლებს ვაჟა დაავიწყდათ, მსოფლიოს მოქალაქე ვაჟა: “ჩემის კაცობის გვირგვინო, ჩემო სამშობლო მხარეო!”.
- ამ მწერლებისთვის მწერალთა სახლის ამჟამინდელი მმართველობის მზაობაც მიუღებელია, არადა, ქალბატონმა ქეთევან დუმბაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მწერალთა სახლი მზადაა კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის: “მზად ვართ, დღესვე მოეწეროს ხელი ხელშეკრულებას და დღესვე გადმოირიცხოს თანხა ასოციაციის ანგარიშზე, რათა არ შეფერხდეს ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტის განხორციელება” – ანუ მწერალთა სახლისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა და არა ის, რომელი პარტიის თუ პოლიტიკოსის მხარდამჭერია მწერალი, რომელმაც ფრანკფურტში საქართველო უნდა წარადგინოს.
- განა არ იცის ქეთი დუმბაძემ, რომ წელს ფრანკფურტის ბაზრობაზე სამ ისეთ ქალბატონს უნდა მიეღო მონაწილეობა, მუდმივად ხელისუფლების და თავად მისი კრიტიკით რომ არიან დაკავებულნი?! კარგად იცის, მაგრამ მისთვის მთავარი სამშობლოა, სხვაგვარად აბა, როგორ, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილისგან სხვას რას ელოდით? მარადისობის კანონზე გაიზარდა და ზუსტად იცის, რომ “ასე უცებ, დაუფიქრებლად და ისიც ქუჩაში სამშობლოსათვის სიკვდილი შეიძლება”…
- სიტყვა გამიგრძელდა. არადა, მხოლოდ ის მსურდა მეთქვა, რომ სამშობლო ხელისუფლებები არაა, არც ხაჭაპურია და არც მიმწვარი ნამცხვარი, სამშობლო გულშია, ზუსტად იქ, სადაც იანგულიმ ჰელადოსი ამოიკვეთა, ხოლო თუ მწერალი ხარ და “რჩები ბოიკოტის რეჟიმში”, ისიც უნდა იცოდე, რომ ბოიკოტს სამშობლოს უცხადებ, თუკი ცხადია, სამშობლო შენთვის ნამდვილად საქართველოა!!!
- ნინიკო მშვიდობაძე