ნინიკო მშვიდობაძე: შინდისის გმირები!
შინდისი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი, მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 760 მეტრი…
როგორ იწყებოდა შინდისი
2008 წლის 11 აგვისტო. შინდისი…
11 აგვისტოს მეორე ბრიგადის საინჟინრო ასეულის კოლონა ნიქოზიდან გორისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობდა. კოლონაში ჯავშანტექნიკა არ იყო, არც რაიმე მსხვილკალიბრიანი ჯავშანსაწინააღმდეგო შეირაღება ჰქონიათ, შეუჯავშნავი ლენდროვერებით გადაადგილდებოდნენ. შინ ბრუნდებოდნენ დარცხვენილი ბიჭები, გულგასიებულები, დაღონებულები… და მაინც შინ ბრუნდებოდნენ…
ცეცხლის შეწყვეტა რომ უბრძანეს, იმ დღეს ყველა მათგანს დაურეკავს სახლში, საღამოს შინ ვიქნებითო. ელოდნენ დედები, მამები, ცოლები, შვილები, დები, ძმები, შეყვარებულები… ელოდნენ…
ამასობაში შეტაკებამდე 2 საათით ადრე რუსული ტანკები ქართული დროშებით გამოჩენილან სოფელში და ძველი რკინიგზის სადგურთან ჩასაფრებულან. როგორც შემდეგ გაირკვა, ნიქოზიდან მომავალ ქართულ შენაერთზეც ფლობდნენ ინფორმაციას. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასაც არაფრად აგდებდნენ.
სოფელში ძველი რკინიგზის სადგურთან მძიმე ტექნიკით შეიარაღებულმა რუსებმა ჩასაფრება მოაწყვეს, მათ შეირაღებაში 4-5 ერთეული ტ-72-ის ტიპის ტანკი და რამდენიმე ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა ჰყავდათ, პირადი შემადგენლობა კი ას კაცამდე იყო.
ქართული დროშებით… მათ არ ჰქონდათ კავშირგაბმულობა და ასეულის ხელმძღვანელობამ არ იცოდა, რომ გორამდე არცერთი ქართული შენაერთი აღარ იმყოფებოდა.
მოტყუვდნენ ბიჭები…
გულუბრყვილობა ქართველთა სენია თუ პირიქით, ხასიათის საუკეთესო გამოვლინება, ვერ ვხსნი ვერაფრით…
მოტყუვდნენ ბიჭები…
გულდანდობილად შევიდნენ შინდისში…
და ბრძოლაც დაიწყო…
ქართული კოლონა საცეცხლე დაზიანების ზონაში რომ შევიდა, დაახლოებით 200-250 მეტრიდან რუსებმა კარგად შენიღბული პოზიციებიდან მას ცეცხლი გაუხსნეს. კოლონის თავში მომავალი ლენდროვერი დაზიანდა, ხუთი ქართველი მებრძოლი ადგილზევე დაიღუპა, კოლონა შეჩერდა, მებრძოლებმა მანქანები დატოვეს და ცეცხლი გახსნეს, დაზიანების ზონიდან გააღწიეს და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა მოახერხეს. ყველაფერი აქ რომ დამთავრებულიყო, აგვისტოს ომის ამ ეპიზოდში განსაკუთრებული ალბათ არაფერი იქნებოდა-ის ისტორიაში შევიდოდა, როგორც ერთ-ერთი რიგითი საბრძოლო ოპერაცია, რომლის მსგავსი არაერთია. მაგრამ ამ ამბავს უჩვეულო და გმირული გაგრძელება ჰქონდა.
ჩვიდმეტი
მიხეილ დვალიშვილი, მალხაზ აბაშიძე, ამირან შაინიძე, ალექსანდრე ონიანი, რუსლან წულაძე, ზვიად კაცაძე, ილია გაბუნია, რომან ზოიძე, კახა კოშაძე, ემზარ წილოსანი, ფელიქს კაკაურიძე, ვეფხია ჯიშკარიანი, მარლენ ბარამია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, შმაგი კუპატაძე, ნიკოლოზ ფორჩხიძე – ეს იმ 17 გმირის სახელებია, რომლებსაც დიახაც, შეეძლოთ გარიდებოდნენ, გასაქცევი გზა ჰქონდათ, მაგრამ თვითონვე მოიჭრეს. რკინიგზის მეორე მხარეს გადავიდნენ და ხელჩართული ომი გაუმართეს მტერს.
შეტაკება
რუსული კოლონა უხალისოდ მიდიოდა და ბატალიონის მეთაური, ხარიტონოვიც სდუმდა. დუმილი რადიოკავშირმა დაარღვია, რომელმაც მათ აცნობა, რომ რუსული დაჯგუფება შინდისთან ქართველების ჩასაფრებაში მოჰყვა და ითხოვდნენ დახმარებას. ხარატონოვი მეომრებთან ერთად შინდისისკენ გაემართა.
შინდისში, რუსების მეთაური გაოგნებული იყო ქართველების წინააღმდეგობით. გრიგორ ხარატონოვმა გადაწყვიტა, რომ ისინი არ ეყოფოდნენ ქართველებს და რადიოკავშირის საშუალებით კიდევ ერთი დამხმარე ჯგუფი და მძიმე ტექნიკა გამოიძახა.
ნათლია-ნათლული
ორმხრივი სროლა 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებმდე გმირულად იბრძოდნენ ბიჭები და გმირობაზე კი არა, გამარჯვებაზე ფიქრობდნენ. მაგრამ ტყვია-წამალი გაუთავდათ და…
აქ დაიწყო ნათლია-ნათლულის სამაგალითო ისტორია…
რომან ზოიძე 20 წლის იყო, ალექსანდრე ონიანი – 27. ერთმანეთი სენაკში ჯარში სამსახურის პერიოდში გაიცნეს. რომან ზოიძე მისი პირველი და უკანასკნელი ნათლული აღმოჩნდა…
ლირიკული გადახვევა
თავის გენიალურ რომანში “სამოსელი პირველი” დონ დიეგოს გარდაცვალებას რომ აღწერს ავტორი, ასე წერს: “არა, ეს თვითმკვლელობა არ იყო, ეს ძმათა ხათრით სიკვდილი გახლდათ”. ხშირად მიფიქრია ამ სიტყვებზე. ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში მომხდარი პირადი ტრაგედიის გამო, განსაკუთრებით… დიახ, ხდება ისედაც, როცა თვითმკვლელობა თვით-მკვლელობა კი არა, ვიღაცის ხათრით სიკვდილია, ვიღაცის გამო…
ჰოდა, ისინიც ძმათა ხათრით, სამშობლოს ხათრით, მტრის ჯინზე მოიქცნენ ამგვარად…
ისევ ნათლია-ნათლული
რომან ზოიძე უკვე სისხლისგან იცლებოდა, ალექსანდრეს სთხოვდა: დამტოვე, თავს უშველეო, არ დაგტოვებ და არც მათ ჩავბარდებითო, – იყო ნათლიის პასუხი, მტკიცე და საბოლოო, გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა…
ალექსანდრემ მუხლებზე დაისვენა დაჭრილი ნათლულის თავი და ჯიბიდან მობილური ამოიღო:
- მიპასუხე, მამაო, ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი, – გამწარებით მოიქნია მობილური ტელეფონი, ხმამაღლა წაიკითხა “მამაო, ჩვენო” და…
მცირე პაუზა და აფეთქების ხმამ ყველაფერი გააყრუა… ყველაფერი წამებში მოხდა…
ბრძოლის დასასრული
ბრძოლა სულ რაღაც 40-50 წუთი გრძელდებოდა. ამ ხნის მანძილზე რუსები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ასეული ებრძოდა. როდესაც ცეცხლი შეწყდა და ველზე სიჩუმე ჩამოვარდა, რუსებმა ნელ-ნელა იწყეს გამოსვლა…
ადგილზე მისული რუსები გაკვირვებულები დარჩნენ.
ხარიტონოვი და მეორე მეთაური გაოგნებულები და გაქვავებულები იდგნენ, გვამები გადათვალეს და მხოლოდ 17 ბიჭი აღმოჩნდა…
- -აი ასეთი ბიჭები, რომ მყოლოდა იქ…- ჩაილაპარაკა და გაბრუნდა – ხარიტონოვი ჩეჩნეთს გულისხმობდა…
გმირობის ფასი
ჩვიდმეტთაგან არცერთი არ იყო გაძარცვული, მობილური ტელეფონებიც კი უბეში ჰქონდათ… ასე უპოვეს უბეში 22 წლის მიხეილ დვალიშვილს ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზედაც საბედისწერო სტრიქონები დაუწერია მომხდარამდე რამდენიმე დღით ადრე:
“„ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები,
გულისკაცები და ვაჟკაცები..
ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს,
სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს.
ბევრი ვიყავით,
ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ”…
კიდევ ერთხელ:
მიხეილ დვალიშვილი, მალხაზ აბაშიძე, ამირან შაინიძე, ალექსანდრე ონიანი, რუსლან წულაძე, ზვიად კაცაძე, ილია გაბუნია, რომან ზოიძე, კახა კოშაძე, ემზარ წილოსანი, ფელიქს კაკაურიძე, ვეფხია ჯიშკარიანი, მარლენ ბარამია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, შმაგი კუპატაძე, ნიკოლოზ ფორჩხიძე – ლოცვასავით იმეორე ეს სახელები, ჩემო სამშობლოვ, იმეორე, რომ თაობებს გადაეცეს… ამ ბიჭებს ომი არ წაუგიათ… ამ ბიჭებმა ყველაზე მთავარი ბრძოლა მოიგეს: ბრძოლა ბოროტებასთან, ბრძოლა ტყუილთან, ბრძოლა საკუთარ თავთან და სიკვდილზე გამარჯვებულები ამაღლდნენ ზეცად…
“ეს ბიჭები, მიწას ამოფარებული,
საქართველოვ, მშვიდობაში”!!! – ასე აქცია ერთი ჩვეულებრივი სოფელი – შინდისი – ჩვიდმეტმა ქართველმა საქართველოს საუკუნო სინდისად!!!