სოფელ ხიდარის მოსახლეობა პრემიერს დახმარების თხოვნით მიმართავს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარის მოსახლეობა პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და სოფლის გაზიფიკაციისათვის დახმარებას სთხოვს.
- ” ბატონო პრემიერო, დახმარების თხოვნით მოგმართავთ იმერეთის მხარის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, მდინარე ბორიმელის ნაპირებზე მდებარე სოფელ ხიდარის მოსახლეობა.
პრობლემა, რის შესახებაც გვსურს თქვენი თანადგომა, მართლაც რომ უმნიშვნელოვანესია ჩვენი სოფლის მოსახლეობისათვის. ეს არის სოფლის გაზიფიკაცია, რომელიც ამოსუნთქვა იქნება თოთოეული მაცხოვრებლისათვის.
არადა, სოფლისთვის ამ ბედნიერებას მოსაზღვრე სოფელ კიცხიდან სულ რაღაც 3,8 კმ აშორებს.
სოფლის გაზიფიკაცია უდიდესი ფინანსური სარგებელი იქნება თითოეული ოჯახისათვის, როდესაც ერთი კუბური მეტრი ხის მასალის შესყიდვა ორჯერ მეტად ძვირი ჯდება, ვიდრე ბუნებრივი აირით კერების გათბობა. გარდა ფინანსური სარგებელისა, სოფლის მოსახლეობას უმკაცრესი ზამთრის პირობებში გასათბობად არ მოუწევს უნიკალური ხის მასალის ცეცხლად ქცევა, დაცული იქნება უნიკალური ფლორა და ფაუნა, რომლითაც ამაყოფს ჩვენი მხარე.
ბატონო პრემიერო, გთხოვთ შუამდგომლობას შესაბამის სტრუქტურებთან, ვიცით რომ გულთან მიიტანთ ჩვენი სოფლის გასაჭირს და იმედს გამოვთქვამთ,რომ ამ ზამთარს მაინც აგიზგიზდება ჩვენს სოფლეში ბუნებრივი აირის ალი.
პატივისცემით: სოფელ ხიდარის მოსახლეობა