საქართველო “თავის ნებით შეუერთდა რუსეთს” თუ სახელმწიფოებრიობა “დაკარგა ანექსიის შედეგად”?
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში დაფიქსირებული ორი განსხვავებული შეფასება და პოზიცია.
საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა მიღებულ იქნა 1918 წლის 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე, თბილისში, გოლოვინის (დღეს რუსთაველის) გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში.
1918 წლის დამოუკიდებლობის აქტში წერია:
– “მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.
მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.
რუსეთის დიდის რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია.
დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავის საკუთარ საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.
ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.”
საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის მეორე აქტი, მიღებულ იქნა 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, თბილისში, მთავრობის სასახლეში სულ სხვაგვარად აფასებს აღნიშნულ მოვლენას:
-“საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას.”