დედამიწაზე, სადაც ადამიანთა რაოდენობამ რვა მილიარდს გადააჭარბა, დავდივართ და ადამიანს ვეძებთ…
ისევ არეული ფიქრები ხმამაღლა…
***
დიდი ხნის წინ დავწერე, რომ მატლი ყოველთვის ხეს ეწებება, ორი მიზეზის გამო...გამოჩნდეს, ან გადარჩეს!
დიახ, თავისზე ძლიერს.
სხვანაირად ვერ გადარჩება!
ეს მატლზე არ დამიწერია. ისეთ ადამიანებზე დავწერე, რომლებიც ყველანაირი მეთოდით ცდილობენ დაიჯერონ, თავიანთი ყოფის აუცილებლობა და ეწებებიან თავისზე ძლიერს.
ჩვენს გარშემო კი, ყველგან ასეთი ადამიანები ტივტივებენ.
ნელნელა ჩააჩოჩეს უკან ინტელექტი, პატიოსნება, ერთგულება…
და რაც მთავარია ადამიანობა…
მალე ამ სიტყვებს ხმარებიდანაც ამოიღებენ.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ უზარმაზარ დედამიწაზე, სადაც ადამიანთა რაოდენობამ რვა მილიარდს გადააჭარბა, დავდივართ და ადამიანს ვეძებთ...
ჰო, უბრალოდ ადამიანს.
ცოტათი რომ მაინც ახლოს იყოს ჩვენს სულთან. ზოგჯერ, ისე ჩავათავებთ ცხოვრების გზას, თითო-ოროლა თუ შემოგვეჩეხება ასეთი.
იმათთვისაც მოსაწყენი ხდები შენი „სიმძიმეებით“ და გერიდებიან.
ხან ისიც მგონია, ადამიანად ყოფნა ძიებაა, სხვა არაფერი…
ხან მგონია, ათი ადამიანის ცხოვრებით ვიცხოვრე და დარდიც ათის ერთად ვატარე.
ბევრი მისტირის უკან დარჩენილ წლებს.
მე კიდევ…როცა უკან ვიყურები ცრემლები თავისთავად ჩამომდის თვალთაგან. იქნებ მაშინდელმა რკინად ქცევამ გამხადა ახლა ასეთი გულჩვილი?
არა, არაფრის დაბრუნება არ მინდა. მხოლოდ მშობლებთან ვეცდებოდი, უფრო ახლოს ვყოფილიყავი და ხშირად მეთქვა რომ მიყვარდნენ…
ამაზე მწყდება გული…სხვა არაფერზე.
რადგან ყოველმა განსაცდელმა, ნებსით, თუ უნებლიეთ გამოცდა ჩამაბარებინა.
ადამიანობის გამოცდა…
კი, ბევრჯერ საშინელი ტკივილები ღამით ბალიშის დაფარვით ჩამიხშია…
მაგრამ დღეს ვხვდები, რომ ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო.
უნდა ეღალატათ…
უნდა გავეწირე…ჩემს სისხლსა და ხორცს…
უნდა შევმდგარიყავი უფსკრულის პირას…
მე ხომ იქიდან ყველა ისინი ბოლომდე დავინახე, ვინც გამწირა.
და რაც ასი პროცენტით ვიცოდი, მათ არასოდეს დავემსგავსებოდი.
არასოდეს მოვექცეოდი სხვებს ისე, როგორც მე მომექცნენ. ეს ვასწავლე ჩემს შვილსაც…
როცა მას ვუყურებ…მიხარია და ბედნიერებას ვებღაუჭები.
ჩემი დაბადება ღირდა ამდენ ტკივილად.
მე უცხო მიწაზე ქართველი გავზარდე!
რომელიც ვიცი, არასოდეს გადააბიჯებს წაქცეულს და ვიცი, ჩემი აუსრულებელი ოცნებების ასრულება იქნება.
ყოველდღე ვეუბნები უფალს მადლობას…
მე გადასარჩენად უფალი შემოვუშვი ჩემს სულში.
ამან გადამარჩინა…
იქნებ თქვენც გეცადათ?
სულ სხვაგვარს დაინახავთ სამყაროს…ადამიანებს…
ქვაშიც სიცოცხლის ძებნას დაიწყებთ. რადგან ყველაფერი რაც ჩვენს გარშემოა…მაინც ცოცხალია…რადგან სუნთქავს.
მე ბევრი არაფრის შეცვლა შემიძლია ამ სამყაროში. მაგრამ მჯერა, თითო-ოროლა ადამიანის დაფიქრებას მაინც შევძლებ…მათ გამოფხიზლებას,რომ ჩვენ აქ, დედამიწაზე ყველა ჩვენ-ჩვენი დავალებით ვართ მოსულნი. რომ სახელი, რომელსაც დედა გვაძლევს დაბადებისას, დარჩება თუ გაქრება, უფალმა ამის არჩევანი ჩვენ დაგვიტოვა.
ზიზღით თუ სიყვარულით მოგვიხსენიებენ სტუმრად ყოფნის პერიოდში, ჩვენზეა დამოკიდებული.
ადამიანი ხომ უფლის მსგავსად შექმნილი ქმნილებაა და მასზე მაღლა არაფერი არ უნდა იდგეს…
არანაირი მატერიალური …
მაგრამ რატომღაც პირიქით ხდება ჩვენს ყოფიერებაში.
ადამიანები იმდენს აგროვენ, რომ ბოლოს ვერც ხვდებიან, აქეთ ფული აგროვებს მონებს.
იმ ფარატინა ქაღალდების შეგროვებით, საბოლოოდ კარგავენ იმ ღვთიურს, რაც უფლისგან საჩუქრად ერგოთ.
იყო დრო, ვნატრობდი, სხვა დროში დავბადებულიყავი…
მაგრამ ეს, დიდიხნის წინ იყო. უკვე მივხვდი, რომ ჩვენ სწორედ ახლა, ამ დროს უნდა დავბადებულიყავით. უფალმა ხომ ჩვენზე უკეთ იცის…
ყველაფერს ღირებულს, რაც კი შეუქმნია ადამიანის ხელს, სამწუხრაოდ დიდი წინააღმდეგობა ქმნის.
ტალღა რომ ტალღაა…როცა ბარიერად აღმართულ კედელს ეჯახება, მეორედ უფრო ძლიერდება და ამ ბარიერს ზემოდან უვლის.
ეგრეა ყველაფერი დიდი…
რაც კი ოდესმე შექმნილა.
მოვარდნილ ტალღასავით ევლება ბარიერს და უსასრულობას ეზრდება.
ვიყურები და ამ ზემოთ მოტივტივე ადამიანებს ვაკვირდები.
წესების გარეშე ცდილობენ დამკვიდრებას. თავმდაბლობაზე საუბრობენ და ამ დროს თავის ტოლად არავინ მიაჩნიათ.
სიყვარულზე საუბრობენ და საკუთარი თავის იქით ვერავის ამჩნევენ.
დიახ, უნდა იტრიალონ ყურადღების ცენტრში. უნდა უკმიოთ ასეთებს, გამუდმებით საკმეველი. ყურადღება თუ ცოტათი მაინც მოადუნეთ, აქეთ შემოგიტევს. უყურადღებობას დაგწამებს.
თავად კი ისეთი“დიდია“ ვერ გამჩნევს.
ვუყურებ ამ ყველაფერს და მეღიმება.
სინანულით მეღიმება.
კაცობრიობა დიდიხანია ქვემოთ მიექანება თავისი გამოგონილი“ფასეულობებით“. მთლიანად იცვლება ადამიანის ცნობიერება.
და მე მეშინია ასეთი ადამიანების.
უგულოების…
უსულოების…
რობოტებად ნაქცევი ადამიანების. რომლებიც მხოლოდ ერთს ფიქრობენ…
გაგასწრონ, ყველაფრის ფასად…
თავში მოექცნენ რომ იტივტივონ.
ამისთვის ეშმაკსაც შეეკვრებიან. მათთვის მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი მისაღებია.
მიზანი ხომ საშუალებას ამართლებს.
მე არ მინდა ასეთი არც პირველობა და არც ცნობადობა.
ის ბავშვი, ვინც ისევ ცხოვრობს ჩემში, ასეთ სიყალბეს არაა მიჩვეული. იმას ვერ გავუკეთებ ამას…
ჩემი სიყალბე იმას მოკლავს და ეს ჩემს სიკვდილსაც უდრის.
შემოდგომა რაღაცით ესალბუნება ჩემს სულს და ღრმად ვისუნთქავ, მომაკვდავი ფოთლების სურნელს.
არის რაღაც იდუმალი ამ ზაფრანისფერ, მომაკვდავ ფოთლებში…
მინდა, ამ ხეებს ხელი შემოვხვიო და ნუგეში მივცე, შვილმკვდარი დედასავით.
ჩემი გზა, უბრალო ბილიკია. მხოლოდ ჩემია…სად მიდის მეც არ ვიცი…
არასოდეს იქნება დაგებული ამ გზაზე წითელი ხალიჩა. რადგან გამოგონილი, ბავშვობიდან მძულდა და შორს გავურბოდი.
ის რაც გულიდან არ მოდიოდა, იმას არც ვწერდი.
ახლაც ასე ვარ…როცა რაღაც ცხელი ლავასავით იძვრება შიგნიდან და დაბადებას მთხოვს, თუ მაშინვე არ გადმოვიდა, მერე ჩემში ქვავდება და იკირება.
დიახ, ჩრდილში ყოფნას ერთი კარგი თვისება აქვს, მალე არ გახუნდები…
შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე მჯერა…
მე ისიც მჯერა რომ როცა შენი ხალხის შეფასებას იწყებ… კარგი ადამიანებით დაიწყე და მერე, დამიჯერეთ იმათ ფონზე სხვების ორგულობა, გაუტანლობა, ზიზღი, უმადურობა საბოლოოდ დაიჩრდილება.
ასე ვარ სულ…
როცა ქართველი ერის შეფასებას ვიწყებ…სასწორზე კარგს ვდებ…და იქ ცუდი საბოლოოდ იბინდება.
იქნებ თქვენც გეცადათ?
რადგან ყველა ერშია ცუდიც და კარგიც.
მაგრამ რატომღაც ჩვენ საკუთარი ერის ლანძღვაში გავხდით ჩემპიონები.
ჩვენ არ მოგვწონს ძალით რომ გაგვირყვნეს ბავშვები. მაგრამ თქვენ რა გააკეთეთ სამაგიეროდ, რომ ეს არ მომხდარიყო?
შეხედეთ ახალგაზრდებს…
ღმერთ დაკარგულებს…
დაბნეულებს…
სიძულვილში გაზრდილებს ...
და მიხვდებით სად დაუშვით შეცდომა.
მე მტკივა ჩემი პატარა ერის გაპარტახება.
ის დიდი ქვეყანა, რომელსაც მეგობარს ვეძახით, ისევე გვექცევა დღეს, როგორც საუკუნეების წინ ინდიელებს მოექცა.
ვიყოთ და ვიძახოთ ხმამღალა, უძველესი ერი ვართ, სამყარომ ჩვენგან დაიწყო განვითარებაო.
ვერაფერი ნუგეშია. მალე ქართველი უმცირესობაში მოხვდება და მერე?
ქვეყანა, რომელიც სატანის დღესასწაულს გაზეიმებინებთ და ბავშვებს წინ იმძღვარებთ, როგორ ფიქრობთ დაგიტოვებთ ღმერთისთვის ადგილს?!
თქვენდაუნებურად, თქვენ რიტუალს ასრულებთ… რიტუალს სატანისთვის.
23 წელია ამ ქვეყანაში ვარ და აზრადაც არ მომსვლია ამ „დღესასწაულის“ აღნიშვნა.
ისე არც, „thanksgiving“(მადლობის დღე მიზეიმია ამ 23 წლის მანძილზე)
რომელი მადლობის დღე…
თუ ინდიელებმა ამერიკის მიწაზე გადმოსულ, ახალი მიწის მაძიებლებს , პატივისცემის ნიშნად ინდაური მიართვეს.
მაშინ ამ მადლიერების დღეს, ინდაურის ჭამით კი არ უნდა გამოხატავდნენ, მონანიების დღე უნდა ჰქონდეთ!
იმ მილიონობით ინდიელების სულის წინაშე, რომელიც ზოგი მოწამლული საბნებითა და ზოგი ტყვიით დახოცეს.
დიახ, სინანულის დღე…
თორემ, ესენი კოლუმბოს დღესაც აღნიშნავენ, მაგრამ ამერიკლების 99% დღემდე არ იცის სადაა დაკრძალული ყველასგან მოკვეთილი ქრისტეფორე კოლუმბი.
ასეა, სამწუხაროდ.
დღეს ზემოთ ის წამოვიდა, ხორცის ხარშვის დროს რაც მოდის.
ტივტივებს ყოველგვარი მანკიერება და შეგნებულად ხდება მისი დამკვიდრება.
სატანა გზადაგზა ბავშვებს ლამაზ სათამაშოებს უყრის, ლამაზ ქაღალდებში შეფუთულ საშინელებებს და ისე ყიდულობს მათ სულებს, აზრზე ვერ მოდიან.
გადარჩენა?
გადარჩენა გამოფხზლებაშია. მაგრამ არავის არ უნდა გამოფხიზლება. დიდებსაც მოსწონთ ეს სატყუარა და შვილებს თავად უძღვებიან.
მხოლოდ კანფეტების შეგროვება ჰგონიათ ეს საშინელი დღესასწაული. რომელიც ბოლოს მაინც ახალგაზრდების სისხლით იკვებება.
ეჰ…რატომ არ გჯერათ, ადამიანებო, რომ მიზნამდე სატანაც ანგელოზის სახით მიდის!
მწერალი, პუბლიცისტი ირმა ბეგლარიშვილი
2022 წელი, 1 ნოემბერი