კეზერა BBC-ს უჩივის
თაღლითმა ოლიგარქმა დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. კეზერაშვილის მტკიცებით BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები „უკიდურესად მცდარია“ და მას „ქოლ-ცენტრებთან“არაფერი აკავშირებს. სიუჟეტის ეთერში გაშვების მიზანი, მისი, როგორც საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამცველის რეპუტაციის შელახვაა.
- “დღეს მე BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შევიტანე. BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან. ჩემს წინააღმდეგ იყო და დღემდე გრძელდება შევიწროების, მუქარის და დევნის კამპანია ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან. ძალიან უპასუხისმგებლო იყო BBC-ისგან ამ სიუჟეტის ეთერში გაშვება, რომელსაც არ გააჩნდა სათანადო საფუძველი, რომ ჩემთვის ასეთი სერიოზული ბრალდებები წაეყენებინა.
ეს ყალბი პროგრამა პირდაპირ მოხვდა საქართველოს რეჟიმის ხელში, რომელიც იყენებს BBC-ის “სანდოობას”, რათა საფრთხე შეუქმნას ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას, ამავდროულად, ვერ შეუსწავლია თავისივე როლი თაღლითურ ქოლ-ცენტრებში, რომელიც საქართველოში არაერთმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა გამოააშკარავა. ჩემი რეპუტაციის დასაცავად, არ დავიხევ უკან, რომ BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მივმართო”, – აცხადებს კეზერაშვილი, რომლის კომენტარსაც “ფორმულა“ ავრცელებს.
ე.წ. ქოლცენტრების თაღლითურ სქემაზე BBC-ი ფილმს აქვეყნებს. დოკუმენტურ ფილმში დავით კეზერაშვილი საქართველოში მდებარე ბევრი ქოლცენტრის დამფუძნებლად სახელდება.
BBC-ის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი ქოლცენტრების უმრავლესობა ე.წ. პიქსელის შენობაში მდებარეობდა და ბევრი მათგანი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ იყო დაფუძნებული ან დარეგისტრირებული.
ფილმში მას “მისტერ ოფშორად” მოიხსენიებენ.
BBC-ის გადამღები ჯგუფი ერთ-ერთი ქოლცენტრის ოფისში ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასაც დაესწრო, რომელსაც ასევე გერმანელი პროკურორები ესწრებოდნენ. ჟურნალისტის თქმით, აღნიშნული სპეცოპერაციის საქართველოს მასშტაბით პარალელურად კიდევ 30 რეიდი განხორციელდა.
გამოცემის თანახმად, კეზერაშვილი დამაკავშირებელი რგოლი იყო გამოძიებაში ნახსენებ სხვა პირებს შორის, რომლებიც ფლობენ თაღლითურ კომპანიებს ან მართავენ – დავით თოდუა, მიხეილ ბენიმინი, იოსებ მგელაძე, რატი ჭელიძე და გურამ გოგეშვილი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ახლა მათ შორის კავშირების დოკუმენტური დასაბუთება ვერ იძებნება, მაგრამ სხვა ირიბი მტკიცებულებები მოჰყავს, მაგალითად პირადი კავშირები.
მანამდე, BBC-მ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, რომლის სათაურია “მილიარდ დოლარიანი თაღლითები, რომლებიც მოიპარავენ ცხოვრების განმავლობაში შექმნილ დანაზოგს”.
სტატიაში, რომელიც ეძღვნება უპირატესად საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებას, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად არის მოხსენიებული.