ევროპარლამენტი მსჯავრდებულ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო და საქართველოს ხელისუფლებას მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისა და გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ევროპარალამენტარები მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მუდმივი წარუმატებლობა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის მიღების პერსპექტივის შეფერხების რისკს ქმნის და ისინი მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
ევროპარლამენტარები ასევე მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ისეთი პატიმრების მიმართ მოპყრობა, როგორიცაა ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, არის ევროპული ღირებულებებისა და მისი დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულების ლაკმუსის ტესტი.
ევროპარლამენტარები შეახსენებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ სააკაშვილის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, გაუწიონ მას ადეკვატური სამედიცინო დახმარება და პატივი სცენ მის ძირითად უფლებებსა და პიროვნულ ღირსებას, ქვეყნის კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი – თავი შეიკავა.