მილიონზე მეტი ამომრჩევლის არჩევანს „თვითდანიშნულს“ უწოდებს ევროპარლამენტი და დემოკრატიის დაცვაზე გვესაუბრება!
დემოკრატია მხოლოდ მაშინ არის დემოკრატია, როცა არჩევნების შედეგი ბრიუსელს მოსწონს?
ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია საქართველოს შესახებ, როგორც ჩანს, პოლიტიკური კრიტიკის ფარგლებს გასცდა და ქართველი ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობის დემონსტრაციად იქცა.
რეზოლუციის ტექსტში საქართველოს ხელისუფლება „თვითდანიშნულად“ არის მოხსენიებული. დიახ, „თვითდანიშნულად“ იმ ხელისუფლებას უწოდებენ, რომელსაც მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ არჩევნებში საკუთარი ხმა მისცა!
ეს უკვე აღარ არის უბრალოდ ხელისუფლების კრიტიკა. ეს არის იმ მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის დაკნინება, რომელთა ნებაც, როგორც ჩანს, ევროპარლამენტის ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის მხოლოდ მაშინ არის მისაღები, როდესაც სასურველ პოლიტიკურ შედეგს იძლევა.
არჩევნები, ამომრჩეველი, ხმების რაოდენობა, პოლიტიკური ლეგიტიმაცია ყველაფერი თითქოს მნიშვნელობას კარგავს, როდესაც ბრიუსელის პოლიტიკური განწყობა განსხვავებულია. მაშინ დემოკრატიის სახელით იწყება რეზოლუციების წერა, ხელისუფლების დამამცირებელი იარლიყებით მოხსენიება, სანქციების მოთხოვნა და პოლიტიკური ზეწოლის კამპანია.
მილიონზე მეტი ამომრჩევლის მიერ არჩეულ ხელისუფლებას „თვითდანიშნულს“ უწოდებენ და ამავე დროს დემოკრატიის, ხალხის ნების, თავისუფლებისა და სამართლიანობის დაცვის პრეტენზიას აცხადებენ!
რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი?
ევროპარლამენტს შეუძლია არ მოსწონდეს საქართველოს ხელისუფლება. შეუძლია აკრიტიკოს მისი გადაწყვეტილებები, პოლიტიკა და პოლიტიკური კურსი. მაგრამ როდესაც პოლიტიკური უკმაყოფილება მილიონზე მეტი ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის შეურაცხყოფამდე მიდის, ეს უკვე დემოკრატიული ღირებულებების დაცვის კი არა, პოლიტიკური ამპარტავნების გამოვლინებაა.
საქართველოს მოქალაქეებს არ სჭირდებათ გარედან იმის განმარტება, ვის მიანიჭეს ხელისუფლება და ვის არა. არჩევნების შედეგების პოლიტიკური შეფასება უცხო ქვეყნის პოლიტიკური ორგანოს პრეროგატივა არ არის. ხალხის ნებას პატივისცემა სჭირდება და არა ბრიუსელის პოლიტიკური კაბინეტებიდან გამოტანილი დამამცირებელი შეფასებები.
თუ მილიონზე მეტი ამომრჩევლის არჩევანს „თვითდანიშნულს“ უწოდებ, დემოკრატიის დაცვის სახელით კი არა, დემოკრატიის მიმართ უპატივცემულობით გამოდიხარ.
ევროპარლამენტის ამ რეზოლუციის მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის: დემოკრატიის სახელით ქართველი ამომრჩევლის არჩევანის დაკნინება, სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლების შეურაცხმყოფელი პოლიტიკური შეფასება და იმის მცდელობა, რომ პოლიტიკური ზეწოლა ხალხის ნებაზე მაღლა დადგეს.
საქართველო პარტნიორობას იმსახურებს, არა პოლიტიკური მეურვეობის მცდელობას. პატივისცემას, არა შეურაცხმყოფელ იარლიყებს.
დემოკრატია ხალხის ნებაა და ხალხის ნებას ევროპარლამენტის რეზოლუცია ვერ გააუქმებს
თბილისი 24
