მიტროპოლიტი საკუთარ თავს მოციქულებს ადარებს
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობის (აქიაშვილი) უკანასკნელი ქადაგება სერიოზულ კითხვებს აჩენს. მეუფე ხელისუფლების კრიტიკულ გამოხმაურებას საკუთარ განცხადებებზე ღმერთისა და ეკლესიის შეურაცხყოფად აფასებს და ამის გასამყარებლად ქრისტეს სიტყვები მოჰყავს, რომლითაც ის მოციქულებს მიმართავდა.
- ” რომ ვთქვი, ურწმუნოა ეს ხელისუფლება, თავიანთი სახე წარმოჩინდა მათი გამოხმაურებით – მე კი არ შეურაცხმყვეს, შეურაცხყვეს ღმერთი, ეკლესია და წარმოჩინდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი – ფარისევლობაა, როცა ერთს ამბობ და მეორეს აკეთებს.
- როგორც დღეს, სახარებაში თქვენ მოისმინეთ, რომ თქვენ თუ შეურაცხგყოფენო, მოციქულებს ეუბნება, ისინი მე შეურაცხმყოფენო. მე კი არ შეურაცხმყვეს მათ, შეურაცხყვეს ღმერთი, შეურაცხყვეს ეკლესია“- აცხადებს ეპისკოპოსი.
განა, მოციქულობა და ეპისკოპოსობა ერთი და იგივეა?
როდესაც მღვდელმთავარი საკუთარ თავზე ავრცელებს მოციქულებისთვის ნათქვამ სიტყვებს და მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ღმერთის შეურაცხყოფად აცხადებს, ბუნებრივად ჩნდება კითხვა : ხომ არ აიგივებს იგი საკუთარ პიროვნებას ეკლესიასთან და საკუთარ ავტორიტეტს ღვთის ავტორიტეტთან?
განა სასულიერო პირის კრიტიკა ღმერთის შეურაცხყოფაა?
განა ხელისუფლებას ან მოქალაქეს არ აქვს უფლება, მღვდელმთავრის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ განცხადებას არ დაეთანხმოს ისე, რომ ურწმუნოდ და არაეკლესიურად არ გამოცხადდეს?
მეუფე იობი სხვებს ფარისევლობაში ადანაშაულებს, მაგრამ იქნებ სჯობს, ჯერ საკუთარ სიტყვებსა და დამოკიდებულებას გადახედოს. ქრისტიანული თავმდაბლობა საკუთარი თავის მოციქულებთან გაიგივებას კი არა, საკუთარი შეცდომების აღიარებასა და კრიტიკის მოსმენას მოითხოვს.
ეკლესია არც ერთი მიტროპოლიტის პირადი საკუთრებაა და არც მისი პირადი ავტორიტეტი უდრის ღვთის ავტორიტეტს!
მეუფე იობმა უნდა გაიაზროს: სასულიერო წოდება ადამიანს უცდომელობას არ ანიჭებს. პირიქით, რაც უფრო მაღალია საეკლესიო იერარქიაში მისი ადგილი, მით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება საკუთარ სიტყვებზე.
ღმერთის შეურაცხყოფა ერთია, მღვდელმთავრის კრიტიკა – მეორე. ამ ორი ცნების ერთმანეთში აღრევა კი ქრისტიანულ თავმდაბლობაზე მეტად სულიერი ამპარტავნობის შთაბეჭდილებას ტოვებს.
