ჯერ აფრიკული დიქტატურა არ მოსულა და სპარტაკ-გედეონ ფოფხაძე უკვე საკუთარ გასვენებაში ხალხს ეპატიჟება, თან დაკრძალვის სცენარს გვთავაზობს!
ე.წ. ოპოზიციაში პოლიტიკური პროგრამები აშკარად მოდიდან გადავიდა – ახლა მთავარი კითხვაა, ვინ უფრო ხმამაღლა გამოაცხადებს, რომ მზად არის ციხისთვის, ტყვიისთვის და ისტორიის სახელმძღვანელოში საკუთარი თავის ოქროს ასოებით ჩასაწერად!
- „თუ საჭირო იქნება, ბრძოლას შევეწირები, არც ციხის პრობლემა მაქვს და არც ლიკვიდაციის!“ – განაცხადა ე.წ. პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სპარტაკ-გედევან ფოფხაძემ.
რა გითხრათ, ბატონო სპარტაკ, ასეთი შემართებით რომელი საარჩევნო უბნის გახსნას აპირებთ – თუ პირდაპირ სამგლოვიარო დარბაზიდან იწყებთ წინასაარჩევნო კამპანიას?!
კაცი ჯერ არ დაუჭერიათ, ჯერ არავინ ლიკვიდაციას არ უპირებს, მაგრამ უკვე ყველაფერი გათვლილი აქვს: ციხეც, ბრძოლაც, მსხვერპლიც და, სავარაუდოდ, ისტორიული მემორიალური დაფის ტექსტიც.
დარჩენილია მხოლოდ ერთი წვრილმანი – ხალხმა გადაწყვიტოს, ეს ყველაფერი მართლა სჭირდება თუ არა.
ფოფხაძის განცხადებით, პარტიების აკრძალვის შემთხვევაში საქართველო აფრიკული დიქტატურის სტანდარტში აღმოჩნდება და პროვინციულ ფეოდალიზმად გადაიქცევა.
აფრიკას რას ერჩით, ბატონო სპარტაკ? იქაც ხომ არჩევნები ტარდება, პოლიტიკოსებიც იქადნებიან და ხალხსაც ყოველდღე თავისუფლებას ჰპირდებიან. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ თქვენ ჯერ დიქტატურა სიტყვიერად გამოაცხადეთ, საკუთარი გმირობა კი წინასწარ დაარეგისტრირეთ.
ფოფხაძე ამბობს, რომ მონობაში ცხოვრებას თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი ურჩევნია. პატრიოტიზმი, რა თქმა უნდა, სერიოზული საქმეა, მაგრამ როცა პოლიტიკოსი ყოველ მეორე წინადადებაში საკუთარ დაღუპვას აანონსებს, უნებურად ჩნდება კითხვა: პროგრამა სად არის, ბატონო სპარტაკ, თუ საარჩევნო პროგრამის ნაცვლად ნეკროლოგის პროექტს გვთავაზობთ?
ხალხს პენსია აინტერესებს, ფასები, სამუშაო ადგილები, ჯანმრთელობის დაცვა, მომავალი… თქვენ კი კაცს დილიდან -საღამომდე უხსნით, რომ შეიძლება დაგიჭირონ, დაგხოცონ და შეიძლება თავიც გაწიროთ.
მაპატიეთ და, ხალხს იქნებ ჯერ ის გაეგო, რა უნდა გააკეთოს თქვენმა ე.წ.პოლიტიკურმა გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სანამ თქვენი გმირული დაღუპვისთვის ემოციურად მომზადებას დაიწყებს?!
სპარტაკის რიტორიკით , გამოდის, საქართველო მალე ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, სადაც საარჩევნო ბიულეტენზე მხოლოდ „ქართული ოცნება“ და მისი ქსეროასლები იქნება.
კარგი, ბატონო სპარტაკ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც ჩნდება: თუ პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღი ხალხის დარწმუნებაა, რატომ გგონიათ, რომ ამ ხალხს მხოლოდ აკრძალვის შიშით ან საკუთარი გმირული დაპირებებით მოიზიდავთ?
არჩევნებში გამარჯვება ხომ მხოლოდ იმის ყვირილი არ არის, რომ მოწინააღმდეგე ცუდია, ზოგჯერ საჭიროა იმის დამტკიცებაც, რომ შენ უკეთესი ხარ.
ეს უკანასკნელი კი გაცილებით რთული საქმეა, ვიდრე პირდაპირ ეთერში საკუთარი თავის მომავალ თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირად გამოცხადება.
ქართულ პოლიტიკაში შეფასებები ზოგჯერ უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე ამინდი მცხეთაში. დღეს ადამიანი პრინციპულია, ხვალ – საეჭვო, ზეგ კი მისი ერთი გადაწყვეტილება მთელი პოლიტიკური სისტემის მხილების მთავარ მტკიცებულებად ცხადდება.
ყველაზე საინტერესო ფოფხაძის განცხადების ის ნაწილია, სადაც იგი ამბობს, რომ როდესაც ხალხს ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის შესაძლებლობას წაართმევ, მას სხვა გზა აღარ რჩება და ქვეყნის თავისუფლება აჯანყებაზე გადისო.
აქ “პოლიტიკოსმა”, როგორც ჩანს, საკუთარი ლოგიკის ყველაზე სახიფათო ზღვარს მიაღწია.
არჩევნების უფლების შეზღუდვა, თუ ეს რეალურად მოხდება, მართლაც შეიძლება მძიმე კონსტიტუციურ კრიზისად იქცეს, მაგრამ გამოსავლის ძიება და ძალადობის გარდაუვალობის გამოცხადება ერთი და იგივე არ არის, მითუმეტეს, როცა პოლიტიკოსი ჯერ ხალხს აფრთხილებს მოსალოდნელ დაღუპვაზე, შემდეგ კი ქუჩის პროტესტის ხარისხის გაზრდასა და მზადყოფნის დემონსტრირებას ითხოვს.
გამოდის, ხალხი ჯერ უნდა შეშინდეს, შემდეგ აღელდეს და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდეს, რომ გამოსავალი მხოლოდ მსხვერპლშია?
ბატონო სპარტაკ, საზოგადოებას გამბედაობა ნამდვილად სჭირდება, მაგრამ პოლიტიკური ლიდერის მოვალეობა ხალხისთვის საფლავისკენ გზის ჩვენება კი არა, კრიზისიდან გამოსავლის პოვნაა.
და თუ პოლიტიკოსი ყოველ გამოსვლაზე საკუთარი ლიკვიდაციის შესაძლებლობას გვახსენებს, იქნებ ერთხელ მაინც აგვიხსნას, როგორ აპირებს გასვენებას ან იმ თავისუფალი საქართველოს აშენებას, რომლისთვისაც, მისი თქმით, სიცოცხლეს გაწირავს?
ერთი რამ უკვე აშკარაა,რომ ქართულ ოპოზიციაში პოლიტიკური ბრძოლის ახალი ჟანრი მკვიდრდება “ჯერ დაიხოცნენ- მერე იქორწინეს” მსგავსად: გამოაცხადე, რომ მზად ხარ სიკვდილისთვის, შემდეგ მოითხოვე ხალხის გაერთიანება და ბოლოს აუხსენი საზოგადოებას, რისთვის უნდა აგირჩიოს.
არჩევნები კი არჩევნებია, ბატონებო!
ხალხს არც თქვენი გმირული პოზა ევალება და არც წინასწარ დაწერილი ტრაგედიის როლის თამაში. ხალხს არჩევანი უნდა ჰქონდეს, პოლიტიკოსს – პასუხისმგებლობა, სასამართლოს – დამოუკიდებლობა, ქვეყანას კი ისეთი პოლიტიკური კლასი, რომელიც თავისუფლებაზე ლაპარაკისას პირველ რიგში მის დაცვასა და შენარჩუნებაზე ფიქრობს.
თორემ თუ ასე გაგრძელდა, ერთ დღეს საარჩევნო პროგრამის ნაცვლად პოლიტიკოსები ერთმანეთს სამგლოვიარო გვირგვინების დიზაინშიც შეეჯიბრებიან და მერე მართლა დაგვჭირდება ახალი პოლიტიკური სლოგანი:
„ჩვენ თქვენთვის ყველაფერზე წამსვლელები ვართ , ოღონდ ჯერ გვითხარით, რამდენი ამომრჩეველი მოდის დაკრძალვაზე!“
