დიმიტრი სამხარაძე: ღარიბაშვილმა პირად, მატერიალურ კეთილდღეობაზე გაცვლა სამშობლო
“ქართული ოცნების“ რეგიონალური მდივანი დიმიტრი სამხარაძე ყოფილ პრემიერს და მსჯავრდებულს- ირაკლი ღარიბაშვილს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ყოფილმა თანაგუნდელმა პოლიტიკური კარიერა ღალატით დაასრულა. სამხარაძე ღარიბაშვილს „თვითაღიარებულ კრიმინალს“ უწოდებს და ამბობს, რომ მსჯავრდებულმა ექსპრემიერმა საპატიმროდან „ქართული ოცნებისა“ და პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, წინააღმდეგ „შეურაცხმყოფელი და ბინძური კამპანია“ დაიწყო.
მისი თქმით, ღარიბაშვილის პოლიტიკური და პიროვნული ტრაგედია სწორედ იმ არჩევანმა განაპირობა, რომელიც მან გააკეთა – პირადი მატერიალური კეთილდღეობა სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე მაღლა დააყენა.
- „თვითაღიარებული კრიმინალი დეგრადაციის რა დონეს უნდა მიაღწიოს ადამიანი, რომელმაც, ასევე სამწუხაროდ, ჯერ კორუფციაში გაისვარა ხელი, შემდეგ დანაშაული აღიარა და სასჯელს თავად დასთანხმდა“, – წერს სამხარაძე.
მისი შეფასებით, ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები ყოველგვარ რაციონალურ მსჯელობას არის მოკლებული და ყოფილი პრემიერის პოლიტიკური გზის ტრაგიკულ დასასრულზე მიუთითებს.
- „მე არ ვაპირებ ამ ადამიანის ბოდვების შინაარსობრივ განხილვას, რადგან არც ერთი მისი სიტყვა რაციონალურ მსჯელობას არ ექვემდებარება. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა ის, რაც მის თავს ხდება“, – აცხადებს სამხარაძე.
„ქართული ოცნების“ რეგიონალური მდივანი ყოფილი პრემიერის მისამართით განსაკუთრებით მძიმე ბრალდებას აყენებს და მას პარტიის იდეალების ღალატში ადანაშაულებს.
- „ეს არის მორიგი გაკვეთილი, თუ რა მძიმედ, ამავე დროს, რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე“, – წერს იგი.
სამხარაძე წერს, რომ ღარიბაშვილის პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც დღეს მის თავს ხდება, რომელიც მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის – “ასავალ – დასავალის” დონეზე დაეშვა.
- „ თვითაღიარებული კრიმინალი, დეგრადაციის რა დონეს მიაღწევდა ადამიანი, რომელმაც, ასევე სამწუხაროდ, ჯერ კორუფციაში გაისვარა ხელი, შემდეგ დანაშაული აღიარა და სასჯელს თავად დასთანხმდა. სამწუხაროდ – ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის – “ასავალ – დასავალის” დონეზე დაეშვა..“- წერს სამხარაძე.
სამხარაძე აცხადებს, რომ ღარიბაშვილის მოქმედებები მისთვის მხოლოდ ერთი ადამიანის პოლიტიკური არჩევანი აღარ არის და „ქართული ოცნების“ გუნდისთვის მნიშვნელოვან გაკვეთილად უნდა იქცეს.
მისივე თქმით, პარტიის ერთგულ წევრებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, რათა არ დაუშვან იმ პოლიტიკური ერთიანობის დაშლა, რომლის შენარჩუნებასაც, მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში ცდილობს.
- „სამშობლოს დაბრუნებისთვის, აგენტურის მოშორებისთვის და ქვეყნის გათავისუფლებისთვის ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა 2011 წელს დაიწყო ერისკაცის ხელმძღვანელობით“, – წერს სამხარაძე და დასძენს, რომ პარტიის „ნამდვილი ჯარისკაცების“ ერთიანობა ნებისმიერი ღალატის საპირწონე უნდა გახდეს.
მისი გზავნილი მკაფიოა: ვინც პარტიის იდეალებს, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობას პირად ინტერესებს შესწირავს, საბოლოოდ არა მხოლოდ პოლიტიკურ კარიერას, არამედ საკუთარ რეპუტაციასაც კარგავს.
