ჯანყარაშვილი:ინაშვილი და თარხან-მოურავი ღიად იძლეოდნენ მითითებებს, რომ სამიზნედ აეღოთ ირაკლი კობახიძე
ირაკლი ღარიბაშვილის წერილი წავიკითხე და ჩემის მხრივ მინდა რამდენიმე რამ ვთქვა.
1️⃣ მე თავად არაერთხელ შევსწრებივარ საუბარს, სადაც ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი კონკრეტულ „მესიჯბოქსებს“ განიხილავდნენ და ღიად იძლეოდნენ მითითებებს, რომ სამიზნედ აეღოთ ირაკლი კობახიძე.
„ობიექტივში“ პირდაპირ ტარდებოდა გარკვეული ადამიანების „ტრენინგები“ რა უნდა ელაპარაკათ პირდაპირ ეთერში, რა მესიჯები უნდა გაემეორებინათ და, რაც მთავარია, ჯიუტად დაემკვიდრებინათ ნარატივი, თითქოს ირაკლი კობახიძე „ნაცებისთვის“ ხელისუფლების გადაბარებას აპირებდა.
ეს ჩემი მოგონილი ისტორია არ არის მე და არა მხოლოდ მე თავად ვარ არაერთი ასეთი საუბრის მომსწრე.
2️⃣ მოგვიანებით გავაგრძელებ იმის მოყოლასაც, როგორ იხსენიებდნენ იმავე წრეებში ირაკლი ღარიბაშვილს და ამბობდნენ დაახლოებით ასეთი შინაარსის ფრაზებს „ცოტა ხელი გაანძრიოს და ამ ჭაობიდან ამოგვიყვანოსო“.
ღარიბაშვილის მხრიდან იყო დაპირებებიც 2020 წლის შემდეგ „ჩარეცხილი“ „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე, მათთვის პოლიტიკური სივრცის დაბრუნებაზე და ა.შ.
მაგრამ საბოლოოდ ღარიბაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ ინაშვილი-თარხან-მოურავი, როგორც თავად მიაჩნდათ, კეთილსინდისიერად ასრულებდნენ მათთვის მიცემულ დავალებებს, ეს დანაპირებები არ შეასრულა.
და შემდეგ უკვე დადგა 2024 წელი.
იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებების, საჯარო პოზიციებისა და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი პოლიტიკური ფიგურების მხარდაჭერის შემდეგ, რაც მაშინ ვიხილეთ, ჩემთვის ყველაფერი საბოლოოდ ნათელი გახდა.
პოლიტიკურ კუბოზე ბოლო ლურსმანიც სწორედ მაშინ დაიჭედა. 😉
მოხარული ვარ ამაში ჩემი მოკრძალებული წვლილის შეტანისთვის.
ამიტომ, როცა დღეს ვისმენ სხვადასხვა ახსნა-განმარტებას, ძველი ამბები მახსენდება და ვფიქრობ პოლიტიკაში ზოგჯერ ყველაზე კარგად სწორედ ის დეტალები ალაგებს ყველაფერს, რომლებიც წლების წინ უმნიშვნელოდ გვეჩვენებოდა.
დანარჩენს ეტაპობრივად მოვყვები.
ჟურნალისტი: ირაკლი ჯანყარაშვილი
