ღვთისმშობლობას გილოცავთ, დღეს, როდესაც საქართველო თავის ზეციურ დედას ეფერება
დღეს ღვთისმშობლობაა – დღე, რომელიც ქართული სულისთვის მხოლოდ საეკლესიო დღესასწაული არ არის. ეს არის დედის, სამშობლოს, რწმენის, სიყვარულისა და იმედის დღე.
ქართველი ადამიანისათვის ღვთისმშობელი განსაკუთრებული სიწმინდეა, ის ყველას დედაა, დედა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხი განსაცდელის დროს შეჰღაღადებდა, მისგან მფარველობასა და ძალას ითხოვდა.
საქართველო ხომ ქვეყანაა, სადაც ქალისა და დედისადმი პატივისცემას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ქართველი ერის ისტორია, ტრადიცია და კულტურა დედისადმი მოწიწებით, ოჯახის სიწმინდითა და ქალის ღირსების პატივისცემით არის გაჟღენთილი.
ქართულ ცნობიერებაში დედა ყოველთვის იყო ოჯახის გული, კერა, სიცოცხლისა და სიყვარულის წყარო და სწორედ ამიტომ არის ღვთისმშობლის სახე ქართველი ადამიანისთვის ასე ახლობელი, საქართველო ხომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად არის მიჩნეული.
ეს არის უდიდესი სულიერი მემკვიდრეობა და პასუხისმგებლობაც – ვიცხოვროთ ისე, რომ ღირსეულად ვატარებდეთ იმ ქვეყნის სახელს, რომელსაც ჩვენი წინაპრების რწმენით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობა ერგო.
საუკუნეები შეიცვალა, შეიცვალა დრო, თაობები და ყოფა, მაგრამ უცვლელი დარჩა ერთი რამ: ქართველი ადამიანის ლოცვა და ღვთისმშობლისამდი მოკრძალება.
დღესაც, როგორც საუკუნეების წინ, ქართველი დედა შვილისთვის ლოცულობს, დღესაც, როგორც საუკუნეების წინ, შვილები დედის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს შესთხოვენ ღმერთს, დღესაც, როცა ქვეყანას განსაცდელი აქვს, ქართველი ადამიანი ზეცისკენ იხედება , იმედს არ კარგავს და დედა ღვთისმშობელს ევედრება გადასარჩენად.
დღეს განსაკუთრებულად შევავედროთ ღვთისმშობელს ჩვენი დედები და შვილები, ჩვენი ოჯახები და ჩვენი სამშობლო, ვუსურვოთ საქართველოს მშვიდობა, ჩვენს დედებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე, ჩვენს შვილებს ბედნიერი და ნათელი მომავალი, თითოეულ ოჯახს სითბო, სიყვარული და ერთმანეთის გვერდით დგომის ძალა.
დაე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლმა დაიფაროს ყველა ოჯახი, ყველა დედა, ყველა ბავშვი და ყველა ადამიანი, ვინც დღეს გულით ლოცულობს, საქართველოს არასოდეს მოჰკლებოდეს რწმენა, ერთობა, სიყვარული და უფლის წყალობა, ღმერთმა დალოცოს საქართველო -ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა!
გილოცავთ ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი და მფარველობა გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს.
მრავალ ღვთისმშობლობას დაესწარით!
