28 აგვისტო 2026

ქართულ პოლიტიკაში ყველაზე სახალისო სანახაობა ხშირად არა წასვლა, არამედ დაბრუნებაა!

მდინარაძე წავიდა და პოლიტიკური „მესაფლავეები“ უკვე რიგში დგანან.

გაერთეთ, ბატონებო, იზეიმეთ,გადაიღეთ გამარჯვების სელფები, დაწერეთ კიდევ რამდენიმე „ბრძნული“ პოსტი,იწინასწარმეტყველეთ ხელისუფლების დასასრული, ოღონდ ერთი რამ დაიმახსოვრეთ: პოლიტიკაში ყველაზე ხმამაღალი სიცილი ხშირად ყველაზე ადრე წყდება.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა ფიგურამ, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ, 27 აგვისტოს თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მან თქვა, რომ ბოლო ათი წელი მისთვის იყო შრომის, სამშობლოს ერთგულებისა და ქვეყნისთვის საქმის კეთების პერიოდი.

მდინარაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ გუნდს, პარტიის ლიდერს- ბატონ ბიძინა ივანიშვილს , პარტიის წევრებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება თავად მიიღო, წინასწარ ესაუბრა ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს და საბოლოოდ ისინი დაარწმუნა, რომ ამ ეტაპზე მისთვის წასვლა უკეთესი იყო.

ეს განცხადება შეიძლება ვინმეს მოეწონოს, ვინმეს – არა. შეიძლება დაეთანხმო ან შეეწინააღმდეგო მდინარაძის პოლიტიკურ პოზიციებს. მაგრამ ერთი რამ ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას: ადამიანმა ათწლიანი პოლიტიკური საქმიანობის შემდეგ თავად მიიღო გადაწყვეტილება, გვერდზე გაწეულიყო, თან ისე, რომ საჯაროდ არ დაუწყია თანამდებობისთვის ბრძოლა, სკამზე ჩაჭიდება და სხვასავით საკუთარი გუნდის ლანძღვა.

და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი/ როგორც კი კარი დაიხურა, უსახური „მესაფლავეები“ გამოვიდნენ.

მდინარაძის ბრიფინგიდან რამდენიმე წუთიც კი არ იყო გასული, რომ პოლიტიკური სამყაროს ზოგიერთი წარმომადგენელი თითქოს წინასწარ მომზადებული ტექსტებით გამოვიდა.

ერთმა პირდაპირ მდინარაძის წასვლა ხელისუფლების „კრახის“ ნიშნად გამოაცხადა,მეორემ -„ავტოკრატიის კარზე კანიბალიზმად“,მესამემ- უკვე ოხანაშვილისა და ლილუაშვილის „ბედისწერის რელსებზე“ შეაყენა, მეოთხემ, როგორც ჩანს, ფინანსური დეტექტივის როლი მოირგო და ისეთი მძიმე ბრალდებები წამოაყენა, რომელთა დადასტურებაც საჯაროდ არ წარმოუდგენია.

ხოლო ზოგიერთმა პოლიტიკურმა კომენტატორმა, რომელსაც ბოლო წლებია ყველა პოლიტიკური მოვლენის წინასწარმეტყველების განსაკუთრებული ნიჭი აქვს, მდინარაძის წასვლა პირდაპირ კობახიძის „ჩარეცხვის პრელუდიად“ მონათლა.

ანუ რა გამოდის?
მდინარაძე მიდის და თურმე ხელისუფლება ინგრევა, კობახიძე ჯერ ადგილზეა მაგრამ უკვე „სახლში მარტო დარჩენილი ბავშვია“, ივანიშვილი ჩუმადაა და ესეც თურმე რაღაც საიდუმლო გეგმის ნაწილია.

მდინარაძე ამბობს, გადაწყვეტილება ჩემი იყოო , მაგრამ პოლიტიკურმა „ექსპერტებმა“ უკვე უკეთ იციან, ვინ გაუშვა, რატომ გაუშვა, ვისთან იჩხუბა, ვისთან იკამათა და სად უნდა აღმოჩნდეს ხვალ.

ასეთი სიზუსტით რომ ეროვნული ეკონომიკის პროგნოზები გაეკეთებინათ, საქართველო ალბათ უკვე შვეიცარიის ნაცვლად ევროპის ცენტრალური ბანკის შტაბბინა იქნებოდა.

განსაკუთრებით სასაცილოა „ექსპერტთა კონსილიუმი“. მდინარაძის წასვლის შემდეგ გამოჩნდა პოლიტიკური კომენტარების მთელი პანორამა.
ერთმა დაინახა „დიდი დანაკლისი“,ეორემ – „დეგრადაცია“,მესამემ – „კანიბალიზმი“,
მეოთხემ – „ბედისწერის რელსები“, მეხუთემ კი უკვე თითქმის ბუკლეტი დაწერა „ბოლო ეპიზოდების კომიკურ ხასიათზე“…

ერთი სიტყვით, ქვეყანაში აღარ დარჩა პოლიტიკური პრობლემა, რომელსაც თავისი ექსპერტი არ ჰყავს.

თუ ვინმე ხვალ ქუჩაში ფეხს წამოკრავს, დარწმუნებული ვარ, ორ საათში რომელიმე სტუდიიდან აგვიხსნიან, რომ ეს კობახიძის პოლიტიკური დასასრულის პრელუდიაა,ბიძინა ივანიშვილის “ტრიუკი” ან ჭადრაკის პარტიის მერვე სვლაა და, საერთოდ, ხელისუფლების სისტემური რღვევის კლასიკური მაგალითი.

სინამდვილეში კი ამ ყველაფერში ყველაზე კომიკური სწორედ ის არის, რომმდინარაძემ თავად თქვა: წასვლა ჩემი გადაწყვეტილება იყოო.

მან ისიც განმარტა, რომ თუ იფიქრებდა, რეგიონებს მის გარდა ვერავინ მიხედავდა, გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ასევე თქვა, რომ შესაძლოა კერძო სექტორში ან ბიზნესში სცადოს ძალები.
მაგრამ არა ეს ვერსია ნაკლებად საინტერესოა. იმიტომ, რომ ნორმალური პოლიტიკური ახსნა ხომ არავის აინტერესებს. უფრო საინტერესოა შეთქმულება.

მადლობა, მამუკა მდინარაძეს!
შეიძლება მასთან პოლიტიკური შეხედულებების გამო არაერთ საკითხში არ დაეთანხმო,
შეიძლება გააკრიტიკო მისი განცხადებები, გადაწყვეტილებები, პოლიტიკური სტილი, მაგრამ ათი წელი საჯარო პოლიტიკაში ყოფნა და სახელმწიფოს სამსახურში მუშაობა თავისთავად სერიოზული პასუხისმგებლობაა.

ამიტომ, პირადად მე, გოჩა ნაჭყებიამ მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ მამუკა მდინარაძეს იმ წლებისთვის, რომელიც მან საჯარო სამსახურსა და პოლიტიკას დაუთმო. მადლობა არა იმიტომ, რომ რომელიმე პარტიის წევრი იყო, მადლობა იმიტომ, რომ თანამდებობა, პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ საკუთარ ოჯახსაც მეტი დრო უნდა დაუთმოს, ესეც სრულიად ადამიანური გადაწყვეტილებაა.
მამუკამ აღნიშნა, რომ მისი შვილები, 9 და 13 წლის, პრაქტიკულად მის გარეშე იზრდებოდნენ და მას ოჯახისთვის დროის დათმობა სურს. ეს არ არის პოლიტიკური მანიფესტი, ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური სურვილი.

და მაინც, ერთი პროგნოზი. ჩემი აზრით, ახლა ზოგიერთი პოლიტიკური ოპონენტი ძალიან ადრე იწყებს გამარჯვების ზეიმს. მდინარაძის წასვლა ავტომატურად არც „ქართული ოცნების“ დაშლას ნიშნავს და არც ხელისუფლების კრახს.

პირიქით, მისი განცხადებიდან ჩანს, რომ თავად გუნდთან კონფლიქტს არ აღწერს და მომავალში პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობასაც სრულად არ გამორიცხავს: მისი თქმით, დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გუნდს ძალიან დასჭირდება და სხვა გამოსავალი არ იქნება.
ამიტომ მათ, ვინც დღეს უკვე შამპანურს ხსნის, ერთი პატარა რჩევა: ბოთლი მაცივარში კარგად შეინახეთ, შეიძლება ჯერ ადრე იყოს, ნუ იჩქარებთ მდინარაძის პოლიტიკური ეპიტაფიის დაწერას, პოლიტიკაში ათი წელი იმაზე ბევრად დიდი პერიოდია, ვიდრე ფეისბუ პოსტის ჯღაპვნა ან ზოგიერთი ჟოპო.ტელეეთერის ხუთწუთიანი კომენტარი.

დღეს მდინარაძე წავიდა, ხვალ შეიძლება სხვა რამ მოხდეს, ზეგ კი შესაძლოა სწორედ ის ხალხი, ვინც დღეს მის წასვლას პოლიტიკური სიკვდილის ნიშნად აცხადებს, ისევ იმავე ადამიანს „სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად“ მოიხსენიებდეს.

ასეთი რამ ქართულ პოლიტიკაში ერთხელ კი არა, ათეულობითჯერ გვინახავს.
ამიტომ: გაერთეთ, იზეიმეთ, იხალისეთ, გააგრძელეთ „ბრძნული“ პროგნოზები,
მაგრამ გახსოვდეთ: პოლიტიკაში კუბოს შეკვეთა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ადამიანი გარდაიცვალა, მამუკა მდინარაძის პოლიტიკური ისტორია დღეს არ დასრულებულა, შეიძლება დროებით გვერდზე გადგა, შეიძლება ბიზნესში წავიდეს, შეიძლება ოჯახს მეტი დრო დაუთმოს, მაგრამ თუ ოდესმე მისი პოლიტიკური დაბრუნება კვლავ გახდება საჭირო, დღევანდელი „მესაფლავეების“ დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, პირველივე რიგში შეეცდება დაამტკიცოს, რომ სინამდვილეში ისინი ყოველთვის მდინარაძის პოლიტიკური დაბრუნების მხარდამჭერები იყვნენ.

და თუ ჩემი პროგნოზის ყველაზე თამამ ნაწილს მკითხავთ: მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს კაცი საქართველოს პოლიტიკაში კვლავ დაბრუნდეს და შესაძლოა გაცილებით მაღალ პოზიციაზეც მათ შორის- პრემიერ-მინისტრის პოსტზეც!

აი, სწორედ მაშინ იქნება ყველაზე საინტერესო სანახავი დღევანდელი „პოლიტიკური მესაფლავეების“ სახეები, იმიტომ, რომ ქართულ პოლიტიკაში ყველაზე სახალისო სანახაობა ხშირად არა წასვლა, არამედ დაბრუნებაა!

ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია