მსჯავრდებულ ღარიბაშვილის ახალი ულტიმატუმი თუ შანტაჟის ნიშნები?
საქართველოს ორგზის ექსპრემიერის, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის მიერ გამოქვეყნებულ გაურკვეველ წერილზე ამჯერად საერთოდ არ ვსაუბრობთ. ის შეიძლება ცალკე შეფასების საგანი გახდეს. აქ საუბარია თავად ღარიბაშვილის განცხადებაზე, ტექსტზე, რომელიც გაცილებით მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს იძლევა.
ამ წერილის ლოგიკა, თუ ზედმეტი ემოციების გარეშე წავიკითხავთ, საკმაოდ მარტივია: „მე რაღაც მნიშვნელოვანი ვიცი – ყველაფერი ვცადე, რომ ეს არ მეთქვა – მაიძულეს – ახლა ვეღარ გავჩუმდები – 18 აგვისტოს ყველაფერს გეტყვით – ხოლო თუ მე ან ჩემს ოჯახს რამე დაემართა, პასუხისმგებელი იქნება ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება.“
ეს უკვე ჩვეულებრივი განცხადება აღარ არის. ეს არის პოლიტიკური ულტიმატუმის ფორმით დაწერილი ტექსტი, რომელსაც აშკარად აქვს ზეწოლისა და შანტაჟის ნიშნები.
ღარიბაშვილი პირდაპირ წერს, რომ მისთვის გამოგზავნილი წერილი, მისი მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით იყო გაგზავნილი. მაგრამ სად არის მტკიცებულება? როგორც შავ-ნოდარა იტყოდა: ვინ დაწერა? ვის გადასცა ივანიშვილმა დავალება? როდის გაიცა ეს დავალება? ვინ მიაწოდა ღარიბაშვილს წერილი? რა კონკრეტულ მოთხოვნას შეიცავდა იგი?…
და თუ ეს ყველაფერი რეალური ფაქტებია, რატომ არ არის დღესვე წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები?
ყოფილი პრემიერი კი ამის ნაცვლად საზოგადოებას ემოციური ფორმულირებებით ესაუბრება. მისი თქმით, მას „სხვა გზა არ დაუტოვეს“, რათა წინ აღდგომოდა „ღირსების შემლახავ ბოროტებას“, „დაუნდობელ სისასტიკეს“, „ჩაგვრას“, „უსამართლობას“ და მისა და მისი ოჯახის „განადგურების ბინძურ გეგმას“.
მოდით, ეს ყველაფერი მარტივ ქართულად ვთარგმნოთ: ღარიბაშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ და მისი ოჯახის წინააღმდეგ რაღაც ძალიან მძიმე ხდება.
კარგი. მაშინ საზოგადოებას აქვს უფლება იკითხოს: რა ხდება კონკრეტულად, სად არის ფაქტები, სად არის დოკუმენტები, სად არის მტკიცებულებები, სად არიან მოწმეები, სად არის ის ადამიანი ან ადამიანები, რომლებმაც ეს „ბინძური გეგმა“ შეადგინეს?
თუ ასეთი რამ მართლაც არსებობს, ეს უკვე Facebook-ის პოსტის თემა კი არა, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს საქმეა.
მაგრამ ყველაზე საინტერესო ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ახალ, ვრცელ წერილს გამოაქვეყნებს, სადაც საზოგადოებას თავის „სიმართლეს“ ეტყვის. ანუ საზოგადოება უნდა დაელოდოს.
დღეს – მინიშნება, ხვალ – „სიმართლე“ და ამ ყველაფერს თან ერთვის ყველაზე მძიმე გაფრთხილება: 2026 წლის 17 აგვისტოდან ღარიბაშვილი საკუთარ და საკუთარი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას.
ეს უკვე ძალიან სერიოზული პოლიტიკური ტექნოლოგიაა. სქემა ასეთია: „მე რაღაცას ვიტყვი – წინასწარ ვასახელებ პასუხისმგებელ პირს – თუ რამე მოხდება, პასუხს მას მოვთხოვთ.“
სწორედ ამიტომ ვამბობთ: ამ განცხადებას შანტაჟის ნიშნები აქვს.
არ ვსაუბრობთ, რომ ეს სამართლებრივად უკვე დადასტურებული შანტაჟია, ამის დასადგენად მტკიცებულებაა საჭირო. მაგრამ პოლიტიკური კომუნიკაციის თვალსაზრისით ეს აშკარად ჰგავს ზეწოლის მცდელობას.
მით უმეტეს, როდესაც პასუხისმგებლობა პირდაპირ ერთი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის მიმართ არის პერსონიფიცირებული.
ახლა კი ერთი რამ განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს. ეს განცხადება მოდის არა უბრალოდ ყოფილი პოლიტიკოსისგან, განცხადება მოდის მსჯავრდებული 2- გზის ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან.
ღარიბაშვილს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციით. მის საცხოვრებელში ჩხრეკისას ამოღებული იყო დაახლოებით 6,5 მილიონი აშშ დოლარი ნაღდი ფული.
2026 წლის იანვარში გაფორმებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა და სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ჯარიმა შეუფარდა.
ამ ფონზე დღეს ის საზოგადოებას სთავაზობს ახალ პოლიტიკურ ნარატივს: მე დამჩაგრეს, მე უსამართლოდ მომექცნენ, ჩემი ოჯახის განადგურება უნდათ და თუ რამე მოხდება, პასუხისმგებელი ივანიშვილი იქნება.
აქ ერთი ელემენტარული პრინციპი მოქმედებს: ვინც აცხადებს – მან უნდა დაამტკიცოს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ახლა სასჯელს იხდის.
- თუ ღარიბაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა კონკრეტული დავალება გასცა – დადოს მტკიცებულება,
- თუ ამბობს, რომ მისი ოჯახის განადგურების გეგმა არსებობს – დადოს მტკიცებულება,
- თუ ამბობს, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა – დაასახელოს კონკრეტული პირები, დრო, ადგილი და გარემოებები,
- თუ ამბობს, რომ მას სიცოცხლის ან ოჯახის უსაფრთხოების საფრთხე ემუქრება – შესაბამის ორგანოებს მიმართოს და მტკიცებულებები წარადგინოს.
საზოგადოება უკვე დაიღალა პოლიტიკოსებისგან, რომლებიც „დიდ სიმართლეს“ ხვალისთვის ინახავენ.
„ხვალ გეტყვით“ პოლიტიკაში ხშირად ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს: დღეს მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ მინდა, რომ ხვალისთვის მოლოდინი უკვე შექმნილი მქონდეს და სწორედ აქ ჩნდება ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადების ყველაზე დიდი პრობლემა.
თუ ხვალინდელ წერილში იქნება კონკრეტული დოკუმენტები, ჩანაწერები, მიმოწერა, სახელები, თარიღები და სხვა გადამოწმებადი მტკიცებულებები საზოგადოებამ ეს ყველაფერი უნდა ნახოს და შეაფასოს.
მაგრამ თუ ხვალაც მივიღებთ მხოლოდ ემოციურ ფრაზებს – „ბოროტება“, „სისასტიკე“, „ჩაგვრა“, „უსამართლობა“, „ბინძური გეგმა“ – მაშინ დღევანდელი განცხადება უფრო მეტად დაემსგავსება პოლიტიკურ სპექტაკლს, ვიდრე ფაქტების გამჟღავნებას და ღარიბაშვილს კიდევ ერთი რამ უნდა ახსოვდეს: საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან გაქცევა სხვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით შეუძლებელია!
ყოფილი პრემიერი დღეს ცდილობს საკუთარი თავი წარმოაჩინოს არა როგორც ადამიანი, რომელმაც სასამართლოში დანაშაული აღიარა და მსჯავრი მიიღო, არამედ როგორც რაღაც უფრო დიდი პოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლი.
- შეიძლება მას მართლაც ჰქონდეს სათქმელი,
- შეიძლება მართლაც არსებობდეს მის მიერ ნახსენები წერილი,
- შეიძლება მის უკან მართლაც იდგეს პოლიტიკური ისტორია,
მაგრამ საზოგადოება ვალდებული არ არის დაიჯეროს მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ყოფილი პრემიერი ამბობს, ჯერ – მტკიცებულება, შემდეგ – დასკვნა და არა პირიქით.
ამიტომ 18 აგვისტოს ღარიბაშვილისგან ერთი რამ არის მოსალოდნელი: არა ახალი დრამა, არა ახალი ულტიმატუმი, არა ახალი მინიშნებები, არა „მე ვიცი, მაგრამ ჯერ არ გეტყვით“, არამედ ფაქტები!
თუ ფაქტები არსებობს – დადოს, თუ დოკუმენტები არსებობს – გამოაქვეყნოს, თუ კონკრეტული დანაშაული მოხდა – დაასახელოს დამნაშავეები, თუ მტკიცებულება არ არსებობს, მაშინ საზოგადოებას აქვს სრული უფლება დღევანდელი განცხადება შეაფასოს როგორც პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა, რომელსაც შანტაჟის აშკარა ნიშნები ახლავს.
და ბოლოს, ღარიბაშვილისთვის ყველაზე მარტივი კითხვა: თქვენ ამბობთ, რომ „ყველაფერი სცადეთ“, რათა ეს ნაბიჯი არ გადაგედგათ. რა ნაბიჯი? ვინ გაიძულებდათ? რას ითხოვდნენ თქვენგან? რა იცით ისეთი, რის თქმასაც დღემდე ერიდებოდით?
და ყველაზე მთავარი: თუ ეს ყველაფერი სიმართლეა – რატომ უნდა დაგიჯეროთ სიტყვაზე და არა მტკიცებულებაზე?
ახლა ბურთი ღარიბაშვილის მოედანზეა. 18 აგვისტოს ვნახავთ – ითქმება თუ არა „სიმართლე“, თუ ეს ისევ მხოლოდ პოლიტიკური შანტაჟის ახალი ტალღაა.

