2 აგვისტო 2026

აკაცუკების ორმაგი სტანდარტები: ბრიტანეთში მუყაო ტერორიზმია, საქართველოში კი პოლიტიკური წმინდანობა

აკაცუკების ორმაგი სტანდარტების შედევრი: ბრიტანეთი, დემოკრატიის „სავანე“, სადაც მუყაოს ბანერი  ტერორიზმია

დიდ ბრიტანეთში, ამ თავისუფლებისა და სამართლის ზღაპრულ ქვეყანაში, 1 500-ზე მეტ ადამიანს ბრალი წაუყენეს იმის გამო, რომ ღაზაში პალესტინელების „გენოციდის“ საწინააღმდეგო მუყაოს ბანერი ეჭირათ. ბრიტანული მედია ამას მშვიდად, თითქმის რუტინულად ავრცელებს , თითქოს ჩვეულებრივი ამბავია, რომ მშვიდობიანი პროტესტი ტერორისტულ საფრთხედ ითვლება.

კამპანიის ჯგუფ „დაიცავით ჩვენი ნაფიც მსაჯულები“-ს ცნობით, 30 ივლისს ვესტმინსტერის მაგისტრატთა სასამართლოში 1 579 ადამიანის საქმე შეიტანეს.  დანაშაული? მუყაოს ბანერი წარწერით: „მე ვეწინააღმდეგები გენოციდს, მხარს ვუჭერ პალესტინის მოქმედებას“. ტერორიზმის შესახებ კანონმდებლობის მიხედვით 3 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს უბრალოდ იმის გამო, რომ ხელში ქაღალდი ეჭირათ. არა იარაღი, არა ბომბი, არა ძალადობა , უბრალოდ მუყაო და სიტყვები.

ჯგუფის წარმომადგენელი კი იკითხავს: პრემიერ-მინისტრს (ან მის მემკვიდრეს) ნამდვილად სურს, რომ მისი მმართველობა ასოცირდებოდეს პენსიონერებისა და მღვდლების ციხეში ჩასმასთან, მაშინ როცა ძალადობრივ დანაშაულში მსჯავრდებულებს ვადაზე ადრე ათავისუფლებენ? კარგი კითხვაა. ბრიტანულ დემოკრატიაში, როგორც ჩანს, ქაღალდის ბანერი უფრო საშიშია, ვიდრე რეალური ძალადობა.

და აი აქ იწყება ორმაგი სტანდარტების ნამდვილი კარნავალი. აკაცუკების ლოგიკით დიდი ბრიტანეთი დემოკრატიის სავანეა, თავისუფალი სიტყვის ტაძარი, სადაც ხელისუფლება მხოლოდ „ტერორიზმთან“ იბრძვის. საქართველო კი „ დიქტატურის ჯურღმული“, სადაც ნებისმიერი კრიტიკა ავტომატურად რეპრესიაა.

საქართველოში რომ ვინმე თორნიკე თოშხუას აქციაზე საქართველოს ფაშისტური კლანჭებისგან მხსნელის ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭიროს, მაშინვე „პოლიტიკურ პატიმრად“ ან „სინდისის პატიმრად“ შერაცხავენ. დასავლური მედია და ადგილობრივი ლიბერალური გუნდი ყვირილს დაიწყებს: რეპრესია! დიქტატურა! ევროპული ღირებულებების დარღვევა!

ბრიტანეთში  იგივე პრინციპით 1 500-ზე მეტ ადამიანს ტერორიზმის მუხლით სდებენ ბრალს მუყაოს გამო  და ეს ჩვეულებრივი, თითქმის მოსაწყენი ამბავია. არავინ ყვირის „ავტორიტარიზმზე“, არავინ ითხოვს სანქციებს, არავინ ადარებს პუტინს ან ორბანს. რადგან ეს ხომ ბრიტანეთია. იქ კანონი კანონია, ტერორიზმი ტერორიზმია, ხოლო თავისუფლება – მხოლოდ მაშინ, როცა ხელისუფლებას მოსწონს.

ორმაგი სტანდარტები არა უბრალოდ არსებობს,  ისინი აქ უკვე სახელმწიფო იდეოლოგიად არის ქცეული. ერთი მხრივ  „დემოკრატიის სავანე“, სადაც მუყაოს ბანერი ციხეში მიგიყვანს. მეორე მხრივ  „დიქტატურა“, სადაც იგივე ქმედება “პოლიტიკური წმინდანობის” სტატუსს გაძლევს.

 ამ ყველაფერს კიდევ უფრო სასაცილოს ხდის ის, რომ ამავე ადამიანები, რომლებიც ბრიტანეთის ტერორიზმის კანონებს „აუცილებელ ზომად“ მიიჩნევენ, საქართველოში ყველაზე უმნიშვნელო კრიტიკასაც კი ფაშიზმად აცხადებენ.

ასე მუშაობს დასავლური მორალური კომპასი: ჩვენთან  უსაფრთხოება და კანონი. თქვენთან – „რეპრესია“ და „დიქტატურა“ და თუ ეს არ გესმით, მაშინ თქვენ უბრალოდ არ ხართ საკმარისად „დემოკრატები“.

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია