როცა ისტორია ხელბორკილებში გიჭერს (ვიდეო)
მსჯავრდებული სააკაშვილი სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას დავით აღმაშენებლის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს ედრება. ექსპრეზიდენტი აღშფოთებას ვერ მალავს დაკავებისას ხელბორკილების ხელზე მოჭერის გამო და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს ილიას ერთ-ერთ მკვლელს – ბერბიჭაშვილს ადარებს.
-ამათი (!) თანამშრომელი მეუბნება, რომ: უნდა მოგიჭირო-ო ბორკილები მაქსიმალურად.
-მე ვეუბნები რომ: რატო, რა საფრთხეს წარმოვადგენ, მე ხომ მიშა ვარ?
-ხოდა, მიშა რომ ხარ , იმიტომ უნდა მოგიჭიროთ-ო!
აქ უკვე მიშას თავში ისტორიული ფლეშბექი ჩაირთო. გაიხსენა ბერბიჭაშვილი, ილიას ერთ-ერთი მკვლელი და სცენა, რომელიც, როგორც ჩანს, მას ყოველდღიურად ესიზმრება:
-ილია ვარ-ო, არ მესროლოთ-ო!
-ილია რომ ხარ, მაგიტომ უნდა გესროლოთ-ო!
-როგორც მას უთხრეს უნდა გესროლო, რადგან ილია ხარო, სწორედ ასევე მომიჭირეს მე ხელზე ბორკილები “- აცხადებს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი.
ასე რომ, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში ისევ ერთი და იგივე სცენარს (“პლასტინკას’) „უკრავს“ და დავით აღმაშენებლის შემდეგ ახლა ილია ჭავჭავაძე გახდა. ხელბორკილების მაქსიმალური მოჭერა უკვე არა უბრალო პროცედურული დეტალია, არამედ- ეროვნული ტრაგედიის პირდაპირი გაგრძელება. „ამათი“ თანამშრომელი ბერბიჭაშვილის როლშია, თავად- ილია, ხოლო ბორკილები – ტყვიის ადგილს იკავებს.
ლოგიკა მარტივია და ურყევია: ილია იყო – ესროლეს, მიშა ხარ -არ გინდობენ და ბორკილები მაქსიმალურად გიჭერენ. ყველაფერი სხვა უბრალო ტექნიკური დეტალია.
რაც შეეხება მსჯავრდებულ სააკშვილის ფსიქიკურ მდგომარეობას მის შემთხვევაში რეალობა უკვე დიდი ხანია ისტორიული დრამის სცენად იქცა. ყოველი უხერხული მომენტი (ბორკილები, პატიმრობა, სასამართლო) ავტომატურად გადაიქცევა ეპოქალურ ანალოგიად. ეს უკვე არა უბრალო გაზვიადებაა – სისტემურია. თითქოს თავის ტვინში მუდმივად ჩართულია „ისტორიული ფლეშბექის“ რეჟიმი, სადაც ნებისმიერი პოლიციელი შეიძლება გახდეს ბერბიჭაშვილი, ნებისმიერი ხელბორკილი – ტყვია, ხოლო თავად მიშა – მორიგი უგვირგვინო მეფე.
ფსიქოლოგიურად ეს ჰგავს მდგომარეობას, როცა ადამიანი იმდენად ღრმად არის ჩაძირული საკუთარ მითში, რომ ჩვეულებრივი რეალობაში აღარ ეტევა. ხელბორკილები მას არა უსაფრთხოების ზომად, არამედ ისტორიული უსამართლობის გაგრძელებად ესმის. ეს უკვე არა პოლიტიკური რიტორიკაა მხოლოდ, ეს მსოფლმხედველობაა, სადაც ყველაფერი პირად დრამად და ეროვნულ კატასტროფად იკითხება.
- სასამართლო დარბაზი იქცევა თეატრია, სადაც მთავარი გმირი თავად წერს სცენარს, რეჟისორობს და მონოლოგსაც თავად წარმოთქვამს.
- მაყურებელი კი უბრალოდ უყურებს და ფიქრობს: შემდეგი ანალოგია ვინ იქნება, გიორგი სააკაძე? ერეკლე მეორე? თუ უკვე პირდაპირ ქრისტე?
- მოკლედ: მიშა რომ ხარ – იმიტომ და სანამ ეს ფორმულა მუშაობს, ისტორია მასთან ერთად გააგრძელებს ტრიალს ბორკილებში თუ მის გარეშე – ეს უკვე დეტალია.
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია
