ზურაბ ლიპარტია: იაპონური ქინქლა მხოლოდ აზიური ფაროსანას კვერცხებს ანადგურებს და მოსახლეობისთვის სრულიად უსაფრთხოა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიმდინარეობაზე, ბიოლოგიური კონტროლის თანამედროვე მეთოდებსა და მიმდინარე სეზონის შედეგებზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე და ქვეყნის მთავარი ფიტოსანიტარი ზურაბ ლიპარტია გვესაუბრა.
– ბატონო ზურაბ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება. როგორ შეაფასებდით მიმდინარე სეზონს?
ზურაბ ლიპარტია: აზიური ფაროსანა კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მავნებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონის დასაწყისში უამინდობამ გარკვეული შეფერხებები გამოიწვია, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები სრულად ხორციელდება.
დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მრავალწლიანი გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, მუდმივი მონიტორინგი და ინტეგრირებული მართვის სისტემა გვაძლევს შესაძლებლობას, მავნებლის გავრცელება ეფექტიანად ვაკონტროლოთ. ღონისძიებები ტარდება როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართობებზე, ისე მაღალი რისკის ზონებში, სადაც ფაროსანას გავრცელების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია.
ამ პროცესში ჩართულია ასობით სპეციალისტი, სპეციალური ტექნიკა და მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურად აკვირდებიან მავნებლის გავრცელების დინამიკას. ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება მონიტორინგის შედეგებსა და მეცნიერულ მონაცემებს, რაც ღონისძიებების ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.
– წელს ამინდმა რამდენად იმოქმედა სამუშაოებზე?
ზურაბ ლიპარტია: ბუნებრივია, კლიმატური პირობები გარკვეულ გავლენას ახდენს როგორც მავნებლის ბიოლოგიურ ციკლზე, ისე ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვაზე. ხანგრძლივმა ნალექებმა და დაბალმა ტემპერატურამ ზოგიერთ რეგიონში სამუშაოების დაწყება რამდენიმე დღით გადადო.
თუმცა, სააგენტოს სპეციალისტებმა ოპერატიულად მოახდინეს გეგმის კორექტირება. სამუშაოები განხორციელდა იმ პერიოდში, როდესაც ამინდის პირობები შესაბამისი იყო. შესაბამისად, შეფერხებას საბოლოო შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.
– ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბიოლოგიურ მეთოდებს. რა მნიშვნელობა აქვს იაპონურ ქინქლას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში?
ზურაბ ლიპარტია: ბიოლოგიური კონტროლი თანამედროვე ფიტოსანიტარიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მისი მთავარი მიზანია მავნებლის ბუნებრივი მტრების გამოყენება, რაც გარემოზე ზემოქმედებას ამცირებს და ეკოლოგიურ ბალანსს ინარჩუნებს.
იაპონური ქინქლა (Trissolcus japonicus) სწორედ ასეთი ბუნებრივი მტერია. ის პარაზიტობს მხოლოდ აზიური ფაროსანას კვერცხებზე, რის შედეგადაც მავნებელი ვეღარ მრავლდება. ეს მეთოდი წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და საერთაშორისო პრაქტიკამ მისი მაღალი ეფექტიანობა არაერთხელ დაადასტურა.თუმცა აღსანიშნავია რომ,იაპონური ქინქლას ეფექტურობას სამეცნიერო ლაბორატორიები ჯერ კიდევ სწავლობენ.
საქართველოშიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. სოფელ ანასეულში მდებარე სპეციალიზებულ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში იაპონური ქინქლის გამრავლება წარმატებით მიმდინარეობს. მიღებული ბიოლოგიური აგენტები შემდგომ ბუნებაში გაიშვება, რაც აზიური ფაროსანას პოპულაციის ბუნებრივი გზით შემცირებას უწყობს ხელს.
– საზოგადოების ნაწილს მაინც აქვს შეკითხვები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. რამდენად უსაფრთხოა იაპონური ქინქლა?
ზურაბ ლიპარტია: ეს კითხვა ხშირად ისმის და ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ სწორი ინფორმაცია მიიღოს.
იაპონური ქინქლა არ კბენს ადამიანს, არ აზიანებს შინაურ ცხოველებს, არ აზიანებს ფუტკარს, არ ანადგურებს სასარგებლო მწერებს და არ წარმოადგენს საფრთხეს გარემოსთვის. მისი ერთადერთი ბიოლოგიური სამიზნე აზიური ფაროსანას კვერცხებია.
მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, თუ ასეთ პატარა შავ შეფერილობის მწერს შენიშნავენ, არ გაანადგურონ. პირიქით, ეს ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსავლის დაცვაში.
-ბატონო ზურაბ, იაპონური ქინქლის გამოყენება ნიშნავს თუ არა, რომ ქიმიური ღონისძიებების ჩატარება აღარ იქნება საჭირო?
ზურაბ ლიპარტია: არა. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა ეფუძნება ინტეგრირებული მართვის სისტემას, რაც გულისხმობს სხვადასხვა მეთოდის ერთმანეთთან სწორად შეთავსებას. ბიოლოგიური კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა ის ვერ ჩაანაცვლებს სხვა ღონისძიებებს. საჭიროების შემთხვევაში ტარდება ქიმიური დამუშავებაც, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის რაოდენობა ეკონომიკური ზიანის ზღვარს აჭარბებს.
ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ერთი მეთოდის გამოყენება. მიზანია ისეთი ბალანსის დაცვა, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს მოსავლის დაცვას, გარემოს უსაფრთხოებასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. სწორედ ამიტომ ყველა ღონისძიება მეცნიერულ რეკომენდაციებსა და მონიტორინგის შედეგებს ეფუძნება.
– როგორ მიმდინარეობს მონიტორინგი და რა ტექნოლოგიებს იყენებს სააგენტო?
ზურაბ ლიპარტია: მონიტორინგი მთელი სეზონის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სპეციალისტები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ათავსებენ ფერომონიან დამჭერებს, პერიოდულად ამოწმებენ მათ, აკვირდებიან მავნებლის გავრცელების ინტენსივობას და მიღებულ მონაცემებს ყოველდღიურად ამუშავებენ.
ამ ინფორმაციის საფუძველზე იგეგმება ყველა ღონისძიება. ეს საშუალებას გვაძლევს, საჭირო ადგილას საჭირო დროს ჩავატაროთ სამუშაოები და მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ არსებული რესურსები.
– დასავლეთ საქართველო კვლავ რჩება ძირითად რისკ-ზონად. როგორია ვითარება დღეს?
ზურაბ ლიპარტია: მართლაც, დასავლეთ საქართველო აზიური ფაროსანას გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე მაღალი რისკის რეგიონია, რადგან კლიმატური პირობები მავნებლის განვითარებისთვის ხელსაყრელია. სწორედ ამიტომ ძირითადი რესურსიც აქ არის მობილიზებული.
მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავება, საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ტექნიკით შეწამვლა და ბიოლოგიური აგენტების გავრცელება. არსებული მონაცემებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მავნებლის პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირებულია იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც აზიურმა ფაროსანამ საქართველოში პირველად მასობრივი გავრცელება დაიწყო.
– რა როლი აქვს მოსახლეობის ჩართულობას?
ზურაბ ლიპარტია: მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე ასეთი მასშტაბის პროგრამის წარმატებით განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. მნიშვნელოვანია, ფერმერებმა დროულად გაითვალისწინონ სპეციალისტების რეკომენდაციები, საკუთარ ნაკვეთებში ჩაატარონ შესაბამისი ღონისძიებები და მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეთ სააგენტოსთან.
მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო სურსათის ეროვნული სააგენტოსა და აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის ცხელ ხაზზე – 1501. ნებისმიერი მოქალაქის შეტყობინება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. შემოსულ თითოეულ ზარზე სპეციალისტები ოპერატიულად რეაგირებენ, საჭიროების შემთხვევაში გადიან ადგილზე, აფასებენ ვითარებას და მოსახლეობას შესაბამის რეკომენდაციებს აძლევენ.
– ბოლო წლებში საქართველო ხშირად სახელდება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებულ მაგალითად. რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის?
ზურაბ ლიპარტია: ეს არის მრავალწლიანი, თანმიმდევრული მუშაობის შედეგი. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საერთაშორისო დონეზეც ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად მიიჩნევა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით.
ჩვენი სპეციალისტები მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში, სადაც უცხოელ კოლეგებს საქართველოს გამოცდილებას უზიარებენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში დანერგილი ინტეგრირებული მართვის სისტემა ეფექტიანია და საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა.
– რას ეტყოდით ფერმერებსა და მოსახლეობას მიმდინარე სეზონზე?
ზურაბ ლიპარტია: პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ფერმერსა და მოქალაქეს თანამშრომლობისთვის. მოვუწოდებ ყველას, ენდონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას, დაიცვან სპეციალისტების რეკომენდაციები და ნებისმიერი საეჭვო შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს – 1501.
ასევე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იაპონური ქინქლა მხოლოდ აზიური ფაროსანას კვერცხებს ანადგურებს. ის ადამიანისთვის, ბავშვებისთვის, შინაური ცხოველებისთვის, ფუტკრისთვის და გარემოსთვის სრულიად უსაფრთხოა. ეს არის ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე, რომელიც ქიმიურ ღონისძიებებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზიური ფაროსანას პოპულაციის შემცირებასა და მოსავლის დაცვაში.
დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოს, მეცნიერების, ფერმერებისა და მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარე სეზონსაც წარმატებით დავასრულებთ და შევინარჩუნებთ იმ შედეგებს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია
თბილისი 24
