სააკაშვილის „ჩაშვებების“ ახალი სეზონი: რუსებმა ოქრუაშვილს თბილისის აღება დაავალეს… მერე კი რატომღაც გადაიფიქრეს
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივ პოლიტიკურ სერიალში. ახალი დღეა, ახალი წერილია, ახალი „სენსაციური“ აღიარებაა და, რა თქმა უნდა, ახალი „რუსული კვალია“. მთავარი გმირი კვლავ ის ადამიანია, რომლის სამყაროშიც, როგორც ჩანს, ნებისმიერი მოვლენა, ნებისმიერი კონფლიქტი და ნებისმიერი ყოფილი თანამებრძოლი საბოლოოდ მოსკოვში მთავრდება.
ამჯერად მორიგი „სერიის“ მთავარი ანტიგმირი ირაკლი ოქრუაშვილია.
ვერსია ასეთია: თურმე 2008 წელს რუსები მას თბილისის ასაღებად ამზადებდნენ.
დიახ, სწორად წაიკითხეთ.
სცენარი უკვე იმდენად ფანტასტიკურია, რომ ჰოლივუდშიც კი შეიძლება სცენარისტმა შენიშვნა მიიღოს: „ცოტა რეალობასთან ახლოს დაწერეთ.“
წარმოიდგინეთ კადრი.
მოსკოვის მახლობლად აგარაკი. რუსი გენერლები მწვადს ატრიალებენ, სამოვარი დუღს, რუკა გაშლილია.
- „ირაკლი, შენი მისიაა თბილისის აღება.“
- „გასაგებია, ამხანაგო გენერალო… მაგრამ მიშა?“
- „მიშაზე მერე ვიფიქრებთ, … ჯერ მწვადი არ დაგვიწვას.“
სცენარი იმდენად კინემატოგრაფიულია, მხოლოდ ფონად „კალინკა“ აკლია.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყოველი ახალი წერილით სააკაშვილის პოლიტიკური სამყარო სულ უფრო მარტივდება.
- ყველა ყოფილი მეგობარი საბოლოოდ რუსების აგენტია,
- ყველა ყოფილი მინისტრი – მოსკოვის პროექტია,
- ყველა ყოფილი თანამებრძოლი – სპეცოპერაციის მონაწილეა
და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ამ სამყაროში არასოდეს არაფერი ეშლება… რა თქმა უნდა, თავად ავტორია.
შემდეგ მოდის კლასიკური ჟანრი: „დარწმუნებული ვარ…“ ეს ფრაზა უკვე ფაქტობრივ მტკიცებულებაზე ძლიერ იარაღად იქცა.
- დოკუმენტი? არ არის.
- მოწმე? არ არის.
- ფაქტი? არც ეგ.
სამაგიეროდ არის „დარწმუნება“. როგორც ჩანს, ამ სამყაროში მტკიცებულებებს უკვე პენსიაზე გაუშვეს. შემდეგ სიუჟეტი ახალ მოსახვევს იღებს. ოქრუაშვილი უკრაინაში წავიდა რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ლოგიკური დასკვნა? არა.
სააკაშვილის ვერსიით, სწორედ ამიტომ რუსებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს მისი დასჯა.
ანუ ქრონოლოგია ასეთია: ჯერ ენდობიან, მერე აგარაკზე ეპატიჟებიან, შემდეგ თბილისის ჩაბარებას ავალებენ.მერე უცებ მტერი ხდება. ბოლოს კი მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ ერთიანდება.
ეს უკვე პოლიტიკური ანალიზი კი არა, Netflix-ის ახალი სეზონის სინოფსისს უფრო ჰგავს. სააკაშვილის სამყაროში ყველაფერი საოცრად მარტივია.
- თუ ვიღაცამ შეაქო – კარგი ადამიანია.
- თუ გააკრიტიკა – რუსების აგენტია.
- თუ წინააღმდეგობა გაუწია – კრემლის დავალებაა.
- თუ საერთოდ ხმა ამოიღო – სადღაც აუცილებლად ეფ-ეს-ბე დგას.
ამ ლოგიკით, მალე ამინდის პროგნოზიც მოსკოვიდან დაიწერება.
ველოდებით შემდეგ სერიას. იქ, ალბათ, გავიგებთ, რომ:
- თბილისის საცობები რუსეთის გენშტაბის სპეცოპერაციაა;
- ელექტროენერგიის გათიშვას პირადად კრემლი მართავს;
- ხოლო ყველა, ვინც სააკაშვილს არ ეთანხმება, ჯერ კიდევ 2008 წელს საიდუმლო აგარაკზე გაიარა ორკვირიანი „კურსები“.
ერთი რამ უდავოა. საქართველოს პოლიტიკა კვლავ რჩება იმ იშვიათ ჟანრად, სადაც რეალური პოლიტიკური განცხადებები ზოგჯერ სატირას ისე ემსგავსება, რომ მკითხველს უჭირს გაარკვიოს, სად მთავრდება პოლიტიკური პოლემიკა და სად იწყება პოლიტიკური ფანტასტიკა.
თბილისი 24, გოჩა ნაჭყებია

