საქართველო იწმინდება ქვეყნის მტრებისგან, დაკავებები კიდევ იქნება!
მკაფიოდ ვაცხადებთ: ვინც საქართველოს სახელმწიფოს, მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებს ებრძვის — ის არის მტერი და მოღალატე, მიუხედავად იმისა, რა ნიღბით ცდილობს საკუთარი ქმედებების შეფუთვას.
საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა ვერ დაიმალება ვერც „აქტივიზმის“, ვერც „არასამთავრობო საქმიანობის“ და ვერც ყალბი „დემოკრატიის დაცვის“ სახელით.
როდესაც ადამიანი უცხო ძალების ინტერესებს ემსახურება, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს და სახელმწიფოებრიობის ძირების მოშლას ცდილობს — ის დგას არა ხალხის, არამედ საქართველოს მტრების მხარეს.
მადლობას ვუხდით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმ უმნიშვნელოვანესი საქმიანობისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ახორციელებს ქვეყნის დამოუკიდებლობის, მშვიდობისა და ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად.
დღეს საქართველო იმყოფება ბრძოლაში — ბრძოლაში საკუთარი იდენტობის, თავისუფლებისა და მომავლის გადასარჩენად.
დადგა დრო, ქვეყანა საბოლოოდ გათავისუფლდეს იმ ქსელებისა და პირებისგან, რომლებიც უცხო ძალების დავალებებს ასრულებენ, საზოგადოების გახლეჩას ცდილობენ და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.
საქართველო არასოდეს იქნება იმ ადამიანების სათამაშო, ვინც საკუთარ ქვეყანას ფულზე, გავლენასა და უცხოელ პატრონებზე ცვლის.
ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი დროშა და ჩვენი ეროვნული ღირსება დაცული იქნება — კანონის ძალით, საზოგადოების ერთობითა და პატრიოტული სულისკვეთებით.
ქვეყნის გაწმენდა მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისგან არის არა მხოლოდ აუცილებლობა, არამედ ისტორიული პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე.
ცნობისათვის: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯაშუშობის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი წლების განმავლობაში, ფინანსური სარგებლის მიღებისა და უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარების მიზნით, სისტემატურად აგროვებდა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს გადასცემდა სადაზვერვო მნიშვნელობის ინფორმაციას.
დაკავებულ პირს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან ჰქონდა მაღალ დონეზე ორგანიზებული, კონსპირაციული და რეგულარული კავშირები. ინფორმაციის გადაცემა ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ისე სხვადასხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მიზნით, შეხვედრები პერიოდულად საქართველოს ფარგლებს გარეთაც იმართებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა ღონისძიებას, რომლებიც ქვეყნის შიგნით კონკრეტული გავლენების გასაძლიერებლად გამოიყენებოდა.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული პირი ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან და პარალელურად ახორციელებდა სადაზვერვო საქმიანობას საქართველოს წინააღმდეგ.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ — განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია.
