“კეთილსინდისიერი” ბაჩო: ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად!
ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, “კეთილსინდისიერმა” ბაჩანა ახალაიამ 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
- „ჩვენ გვაქვს ამის გაკეთების ლეგიტიმური უფლება. ჩვენ შორის ყველაზე კეთილსინდისიერებს გვაქვს ვალდებულება, რომ ივანიშვილი დავამხოთ. მე გეუბნებით, ივანიშვილი დასამხობია. ძალაა გამოსაყენებელი ყველა მოძალადე პოლიციელის წინააღმდეგ, ვინც ქალებს და ბავშვებს აპატიმრებს, ცემს და წიხლს ურტყამს. ყველა შენობა გვებრძვის ჩვენ, თქვენ – ყველას. პარლამენტიდან, კანცელარიიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოსაყრელია ყველა თვითმარქვია უზურპატორი. ეს არის გასაკეთებელი და ეს გაკეთდება“, – განაცხადა ბაჩანა ახალაიამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით 2025 წლის 25 დეკემბერს დააკავა. ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
