15 ოქტომბერი 2026

ციფრული ლარი – ნაბიჯი საბანკო მონოპოლიის შესასუსტებლად და მოქალაქის ფინანსური თავისუფლების გასაზრდელად

ეროვნული ბანკისთვის ციფრული ლარის გამოშვების უფლების მინიჭება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ფინანსური სისტემის მოდერნიზაციისკენ. ეს არ ნიშნავს ნაღდი ლარის გაუქმებას, მაგრამ ქმნის შესაძლებლობას, მოქალაქეებს ფულის მართვისა და გადახდების ახალი, ალტერნატიული გზა გაუჩნდეთ.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებას ანიჭებს. მნიშვნელოვანია ერთი გარემოება: კანონპროექტი ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებას ანიჭებს და არა ვალდებულებას. შესაბამისად, ეს არის შესაძლებლობის შექმნა და არა იმის გამოცხადება, რომ ხვალიდან მოქალაქეები მხოლოდ ციფრული ფულით ისარგებლებენ.

წლების განმავლობაში კომერციული ბანკები მოქალაქეთა ფინანსურ ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ. ხელფასი, პენსია, დანაზოგი, გადარიცხვა, სესხი – ყოველდღიური ეკონომიკური ურთიერთობების დიდი ნაწილი საბანკო ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული.
ამ სისტემაში კონკურენციის გაჩენა და მოქალაქისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნა ბუნებრივად მნიშვნელოვანი საკითხია.

ციფრული ლარის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში მოქალაქეს შესაძლოა ჰქონდეს ელექტრონული საფულე, რომელშიც ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ფულს შეინახავს.

ეს ფული განსხვავდება კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტისგან: ციფრული ლარი უშუალოდ ცენტრალური ბანკის ვალდებულება იქნება და არა კერძო ბანკის.

ეს განსხვავება მნიშვნელოვანია- მოქალაქე მიიღებს ფულის შენახვისა და გადახდის კიდევ ერთ შესაძლო ფორმას, რომლის ფუნქციონირებაც კომერციული ბანკის ჩვეულებრივ ანგარიშზე სრულად დამოკიდებული არ იქნება თუ საბოლოო მოდელი ამის საშუალებას მისცემს.


წარმოვიდგინოთ, რომ მომავალში სახელმწიფო დახმარების ან სხვა შესაბამისი გადასახდელის მიღება მოქალაქეს ციფრულ საფულეში შეეძლება. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი სისტემის დანერგვისა და სამართლებრივი პირობების არსებობისას, თანხის მისაღებად კომერციულ ბანკში ჩვეულებრივი ანგარიშის გამოყენება შესაძლოა აუცილებელი აღარ იყოს.


ეს შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს როგორც მოქალაქეებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის: გამარტივდეს თანხის ჩარიცხვა, შემცირდეს გარკვეული ოპერაციების ხარჯები და შეიქმნას გადახდის ახალი არხი.
თუ მოქალაქეებს ციფრულ ლარში თანხის შენახვა ხელსაყრელად მიაჩნიათ და დეპოზიტებიდან ფულის გარკვეულ ნაწილს გადაიტანენ, ბანკებს დაფინანსების წყარო შეუმცირდება. ასეთ პირობებში მათ მოუწევთ დაფინანსების მოპოვების ახალი გზების ძიება, ანაბრებზე პირობების გადახედვა და მომხმარებლებისთვის უფრო მიმზიდველი მომსახურების შეთავაზება.


შესაძლო შედეგები რამდენიმე მიმართულებით განვითარდება:

  • სესხების გაცემა შეიძლება გართულდეს, თუ ბანკებს დაფინანსების მოზიდვა გაუძვირდებათ.
  • საპროცენტო განაკვეთები შეიძლება შეიცვალოს, მათ შორის ანაბრებსა და სესხებზე.
  • ბანკების მოგება შეიძლება შემცირდეს, თუ დაფინანსების ხარჯები გაიზრდება და ისინი ამას სხვა შემოსავლებით ვერ დააბალანსებენ.
  • მომხმარებლისთვის კონკურენცია შეიძლება გაძლიერდეს, რადგან ბანკებს მოქალაქეების შესანარჩუნებლად უფრო მიმზიდველი პირობების შეთავაზება მოუწევთ.
    საერთაშორისო სავალუტო ფონდი და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების განხილვისას სწორედ საბანკო დეპოზიტების გადინებისა და ფინანსური სტაბილურობის საკითხებსაც აანალიზებენ.
    მაგრამ თავად კონკურენციის შესაძლებლობა მნიშვნელოვანი საკითხია: მოქალაქეს მეტი არჩევანი უნდა ჰქონდეს, ხოლო ფინანსურ ინსტიტუტებს მომხმარებლის ნდობისა და მომსახურების ხარისხისთვის მეტი მოტივაცია.
    ციფრული ლარის შესახებ საუბრისას ერთ-ერთი მთავარი საკითხია, ხომ არ ნიშნავს ეს ნაღდი ფულის გაუქმებას.

ციფრული ლარი თავისთავად არც საბანკო სისტემის კრახს ნიშნავს და არც ფინანსური თავისუფლების ავტომატურ გარანტიას. მისი შედეგი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ შეიქმნება სისტემა და რა უფლებები ექნებათ მოქალაქეებს. თუმცა, ეროვნული ბანკისთვის ციფრული ფულის გამოშვების სამართლებრივი შესაძლებლობის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალი ფინანსური ინსტრუმენტის განვითარებისკენ.


ციფრული ლარის მთავარი მნიშვნელობა არა ნაღდი ფულის ჩანაცვლებაში, არამედ არჩევანის გაფართოებაშია. მოქალაქეს უნდა შეეძლოს, თავად აირჩიოს მისთვის მოსახერხებელი და უსაფრთხო ფორმა: ნაღდი ფული, საბანკო ანგარიში თუ ციფრული საფულე. სწორედ ამ არჩევანის შენარჩუნება და ფინანსური სისტემის კონკურენტულობის გაზრდა უნდა გახდეს ციფრული ლარის დანერგვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი.

2026 წლის აგვისტოს ბოლოს 75.62 მილიარდი ლარია კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები, ბანკთაშორისი დეპოზიტების გამოკლებით. ეს მოიცავს არა მხოლოდ ნაღდ ფულს, არამედ ანგარიშებზე არსებულ თანხებსაც.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ასაკობრივი პენსიის მიმღებთა რაოდენობა 888. 500 ადამიანი იყო, ეს კატეგროიაც სურვილის შემთხვევაში ბანკის გვერდის ავლით მიიღებს პენსიას.

2026 წლის მარტის მონაცემებით, ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა დაახლოებით 1.006.550 ადამიანი იყო.

ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ საქართველოში საბანკო სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც მოქალაქეთა დანაზოგების შენახვაში, ისე ხელფასებისა და პენსიების გაცემაში, ხოლო თუ მომავალში ციფრული ლარის სისტემა მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, თანხა პირდაპირ ციფრულ საფულეში მიიღონ, შესაძლოა გაჩნდეს ალტერნატივა, რომელიც გარკვეულ ოპერაციებში კომერციული ბანკის ჩვეულებრივი ანგარიშის საჭიროებას შეამცირებს.