დასავლეთის ცივი ომი საქართველოს წინააღმდეგ!
ეს არის ჩვენი სამამულო ომი! ოცდაათი წლის წინათ მოყვარედ დასახელებული, უხილავი, მაგრამ სასიკვდილოდ საშიში მტრის წინააღმდეგ! მინდინარეობს დასავლეთის ცივი, მზაკვრული და დაუნდობელი ომი საქართველოს წინააღმდეგ! ომი – ქართული კულტურის, ჩვენი უძველესი იდენტობის, ოჯახის წმინდა ინსტიტუტის, სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული სიამაყის წინააღმდეგ! ე.წ. „დასავლური ღირებულებების“ და „მეტი თავისუფლების“ ცრუ საფარქვეშ მიმდინარეობს ახალგაზრდობის ტვინის გამორეცხვა, სულის დაცლა და დაზომბირება. სრულად არის ამოქმედებული მათთვის ყველაზე მტკივნეული და ამაზრზენი „დალესის დოქტრინა“ – თითქოს ის ბუნებაში არასდროს არსებულა… სასაცილოა! თვალთმაქცობა და სიცრუე მათი იარაღია!
რასაც ამ ეშმაკურ დოქტრინით გვპირდებოდნენ და რასაც დღესაც ახორციელებენ:
- განა ათწლეულების მანძილზე არ დათესეს ქაოსი, შუღლი და დაშლა ჩვენს საზოგადოებაში?
- შეუმჩნევლად, მაგრამ მეთოდურად არ გააყალბეს ჩვენი უძველესი ფასეულობები და არ აიძულეს ადამიანებს მათი ცრუ სარწმუნოების მიღება?
- არ მოძებნეს თანამოაზრეები და მოკავშირეები ქართულ საზოგადოებაში – სააკაშვილის, ბოკერიასა და მთელი ე.წ. არასამთავრობო სექტის სახით და მსუყედ, უხვად არ კვებეს ისინი ათწლეულობით უცხოური ფულით?
- განა ერთმანეთის მიყოლებით არ ათამაშეს უბედურებები დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი, თავისუფლებისმოყვარე ხალხების, ძირითადად მართლმადიდებელი ერების თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისთვის?
- განა ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან არ ამოშალეს ყოფითი რაობა, არ დაყვეს და განაცალკევეს მხატვრები, არ გაუქრეს სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილი და იმ წმინდა არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღრმეში აქვს ადგილი?
- განა მწერლობა, თეატრი, კინო, მედია, ტელევიზია, გამოცემები – დღეს ყველაფერი არ გამოსახავს და ქებას არ ასხამს ადამიანის ყველაზე დაცემულ, ბინძურ გრძნობებს?
- განა ყველანაირად არ უჭერენ მხარს და წინ არ წევენ ისეთ ხელოვანებს, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში ამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს — ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობასა და სიბინძურეს?
- განა სახელმწიფოს მმართველობაში არ შექმნეს ქაოსი და გაუგებრობა, რათა ერი დაესუსტებინათ?
- განა შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად არ უწობდნენ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობასა და კორუფციას?
- განა თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი არ იქნა სათნოების სიმაღლეზე?
- განა პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად არ იქცა? არ მასხარავდება და ვინმეს სჭირდება ის დღეს?
- განა უზრდელობა და თავხედობა, მედიაში აღზევებული ცილისწამება და ტყუილი, ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა, თაობათა შორის მტრობა ოსტატურად არ იქნა დანერგილი და აყვავებული?
- განა ახალგაზრდებისაგან არ შექმნეს ზნედაცემული, სულიერებისაგან დაცლილი ჯაშუშები და მოღალატეები? გახედეთ რა ხდება თბილისის ქუჩებში – სირცხვილი და ტკივილია ქართველი გულისთვის!
- განა სხვა რამე დაუწერია იმ ეშმაკის ფეხს დალესს?
„ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად…“ – განა არ მიაღწიეს ამას? განა არ სცადეს ჩვენი საუკეთესო შვილების გაწირვა და შეურაცხყოფა?
დღეს, როდესაც საქართველოს ხელისუფლების მოსყიდვა და განსაკუთრებით ახალგაზრდების დიდი ნაწილის სრული დეგრადირება ვერ შეძლეს, ქართული ეკონომიკის „დემოკრატიულად“ მოგუდვა გადაწყვიტეს!
ქვეყნები, რომლებიც თავად ფარულად და მდიდრულად ვაჭრობენ რუსეთთან, საქართველოს ხელისუფლებას უკრძალავენ და სანქციებით ემუქრებიან ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებში კავშირებისთვის!
ტყუილებისა და ცილისწამების გავრცელებით სურთ ქართულ საზოგადოებაში უკმაყოფილების გამოწვევა, სამოქალაქო ომის პროვოცირება, საბოლოო ჯამში ხელისუფლების დამხობა და ქვეყნის სათავეში იმ ძალების მოყვანა, ვინც ყველა მათ ხუშტურს უპირობოდ შეასრულებს, ხელმეორედ შევა იმავე მდინარეში და ბოლო ქართველამდე იბრძოლებს დასავლეთის ინტერესების დასაცავად!
აკი, პირდაპირ აიძულებდა 2022 წლის გაზაფხულზე ამერიკის მეფისნაცვალი საქართველოს პრემიერ-მინისტრს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტში ჩასართავად – გავსულიყავით პარტიზანულ ომში, თუნდაც გაწყვეტილიყო მთელი საქართველო?!
მაშინაც ბევრს სურდა დაყოლოდნენ მის დედობრივ „კეთილ რჩევას“, მაგრამ ვერ გათვალეს საქართველოზე უზომოდ შეყვარებული პატრიოტის – ბიძინა ივანიშვილის ურყევი ხასიათი! მასთან მუქარით, შანტაჟითა და ზეწოლით ვერას გახდებოდნენ! შემდეგ გადავიდნენ პირად მტრობაზე და აბსურდული მოტივაციით გაუყინეს მრავალი მილიარდი. კვლავაც ვერ გაუვიდათ!
დღეს განსაკუთრებით, როდესაც ხელისუფლება შეკრულია ერთ მუჭად, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხი უპრეცედენტოა უახლესი ისტორიის მანძილზე ვერაფერს მიაღწევენ!
ქართველ კაცს მუქარითა და შანტაჟით ვერ მოდრიკავ! ბევრი ომი გადაგვიტანია, ბევრ დამპყრობელს გაგვიცია საკადრისი პასუხი და ომის პარტიის მარიონეტი, დეგრადირებული ევროჩინოვნიკები ვერაფერს დაგვაკლებენ! ჩვენი მიწა, ჩვენი სისხლი, ჩვენი სული ურღვევია! საქართველო იდგა, დგას და სამუდამოდ იდგება!
გოჩა ნაჭყებია
