ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიცია პოლიტიკურ ნანგრევებად აქცია
საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე მოვლენები სულ უფრო მკაფიოდ აჩვენებს, რომ მმართველი გუნდის წინააღმდეგ წლების განმავლობაში აგებული ოპოზიციური პროექტი მძიმე კრიზისშია. პარტიები, რომლებიც საკუთარ თავს ხელისუფლების ალტერნატივად წარმოაჩენდნენ, დღეს ურთიერთბრალდებებით, დაპირისპირებითა და ლიდერებს შორის გავლენების ბრძოლით არიან დაკავებული, მაშინ როდესაც ხელისუფლება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას განაგრძობს.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ის ფაქტი, რომ ოპოზიციის მიერ დაგეგმილი თითქმის ყველა ხმაურიანი კამპანია საბოლოოდ პოლიტიკური მარცხით დასრულდა. თემები, რომლებზეც ისინი საზოგადოების მობილიზებას ცდილობდნენ, ხშირ შემთხვევაში სპეკულაციის საგნად იქცა და რეალური შედეგის მოტანა ვერ შეძლო.
ამის ნათელი მაგალითი იყო დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების საკითხი, რომელიც გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად აქციეს. თუმცა სახელმწიფოს კოორდინირებულმა მუშაობამ და პროგრამების გაფართოებამ აჩვენა, რომ პრობლემის გადაჭრის გზა პოლიტიკური შოუ კი არა, კონკრეტული გადაწყვეტილებები და პასუხისმგებლიანი მმართველობაა.
ასევე კრახით დასრულდა მცდელობა, პოლიტიკური ქულები დაეწერათ მიუსაფარი ცხოველების თემაზე. ცხოველთა მოვლის, ვაქცინაციისა და მკურნალობის პროგრამების მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას, თითქოს სახელმწიფოს მხრიდან ცხოველების მასობრივი განადგურება ხდებოდა. თუმცა ფაქტებმა და რეალობამ ეს ბრალდებები ვერ დაადასტურა და მორიგი საინფორმაციო კამპანია საკუთარ ავტორებს შემოუბრუნდათ.
ყველაზე ხმაურიანი მარცხი კი 26 მაისისთვის დაანონსებულმა „გრანდიოზულმა“ აქციამ განიცადა. ღონისძიება, რომელსაც ოპოზიციური ჯგუფები გადამწყვეტ პოლიტიკურ მოვლენად აცხადებდნენ და რომლისთვისაც თვეების განმავლობაში ემზადებოდნენ, მოლოდინებს ვერ მიუახლოვდა. შედეგად, კიდევ უფრო აშკარა გახდა ოპოზიციურ ბანაკში არსებული ღრმა კრიზისი და დეზორიენტაცია.
დღეს უკვე თავად ოპოზიციურ წრეებშიც აღარ მალავენ, რომ ერთიანობის ნაცვლად შიდა ომებით არიან დაკავებულნი. ვითომ ერთიანი ალიანსი იმდენად გადახლართულია პირად ინტერესებსა და ურთიერთდაპირისპირებაში, რომ ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მათი მთავარი მოწინააღმდეგე არა ხელისუფლება, არამედ ერთმანეთია.
ამ ფონზე, ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება იმ ფიგურად, რომლის პოლიტიკურმა გავლენამ ქვეყნის დღის წესრიგი მნიშვნელოვნად განსაზღვრა. მისი მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ სწორედ მის მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო სახელმწიფოს სტაბილურობის შენარჩუნება და იმ პოლიტიკური ძალების გავლენის შემცირება, რომლებსაც ისინი გარე ინტერესებთან დაკავშირებულ ჯგუფებად მიიჩნევენ.
დღეს სულ უფრო ხშირად ისმის შეფასება, რომ ოპოზიცია არა ხელისუფლების ქმედებებმა, არამედ საკუთარმა შეცდომებმა, მუდმივმა რადიკალიზმმა და საზოგადოებისგან მოწყვეტილობამ დაასუსტა. პოლიტიკური ძალა, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარ გამარჯვებაზე საუბრობდა, ფაქტობრივად დასრულებულია.
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია
