19 მაისი 2026

დეზინფორმაცია, თითქოს ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა ფუტკრების მასობრივ დაზიანებას იწვევს, სიმართლეს არ შეესაბამება

ქვეყანაში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, სეზონურად გავრცელებული ტროპილელაფსის პარაზიტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მეფუტკრეობის დარგს. აღნიშნული პარაზიტი აზიანებს ფუტკრის ოჯახებს, ასუსტებს სკებს, აფერხებს მათ განვითარებას და დაუყოვნებელი რეაგირების გარეშე შესაძლოა მნიშვნელოვანი ზარალიც გამოიწვიოს.
სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მეფუტკრეებთან, დარგის სპეციალისტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა დროულად მოხდეს დაავადების გამოვლენა, პრევენცია და შესაბამისი მართვის ღონისძიებების განხორციელება. სააგენტო უზრუნველყოფს ინფორმაციის მუდმივ მიწოდებას, რეკომენდაციებს, მონიტორინგს და პრაქტიკულ დახმარებას, რათა მეფუტკრეებმა ეფექტურად დაიცვან საკუთარი მეურნეობები. სურსათის ეროვნული სააგენტო ასევე მოუწოდებს მეფუტკრეებს, მსგავსი შემთხვევების დაფიქსირების შემთხვევაში დროულად მიმართონ შესაბამის უწყებას, მიიღონ პრევენციისთვის საჭირო ინფორმაცია და ისარგებლონ სათანადო დახმარებით, რისთვისაც სააგენტო სრულ მზადყოფნაში იმყოფება.


მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორად გაიგოს, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე თერმული ნისლის (დანისვლის) ღონისძიებები, რომლებიც ღამის საათებში ტარდება, ფუტკრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. პროცესი ხორციელდება სპეციალურად შერჩეულ დროს, როდესაც ფუტკარი სკაში, ბუდეში იმყოფება და ფრენის აქტიური ფაზა შეწყვეტილია. გარდა ამისა, მკაცრად კონტროლდება უსაფრთხოების ნორმები, დისტანცია და პრეპარატების გამოყენების სტანდარტები, რაც ფუტკრის ოჯახების დაზიანების რისკს პრაქტიკულად გამორიცხავს.
გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა ფუტკრების მასობრივ დაზიანებას იწვევს, სიმართლეს არ შეესაბამება და ხშირად უსაფუძვლო შიშის დათესვას ემსახურება. რეალურად, სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს როგორც სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას, ისე გარემოსა და მეფუტკრეობის უსაფრთხოების მაქსიმალურ უზრუნველყოფას.
დღევანდელ პირობებში აუცილებელია მეფუტკრეებმა ითანამშრომლონ შესაბამის სამსახურებთან, გაითვალისწინონ სპეციალისტების რეკომენდაციები და დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ, გადამოწმებულ ინფორმაციას. სწორედ კოორდინირებული მუშაობა, სწორი პრევენცია და ინფორმირებულობა წარმოადგენს როგორც ფუტკრის დაცვის, ისე ქვეყნის სოფლის მეურნეობის სტაბილურობის მნიშვნელოვან საფუძველს.