ლილუაშვილის “მამაშის ” ანაბარი სავარაუდოდ რამდენიმე მილიონია
თვეში 12 000 დოლარი, ბონუსები და უძრავ მოძრავი ქონება – გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამ სარგებელს იღებდა “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი თაღლითურ ქოლცენტრებთან კავშირის სანაცვლოდ. ელისო კილაძე ევროპელი პენსიონერების ძარცვის მასშტაბური გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულებრივ სქემაში კილაძის როლი თაღლითური ორგანიზაციის საინფორმაციო მხარდაჭერა და კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილება იყო.
გამოძიების ინფორმაციით, ელისო კილაძე იყო იმ მასშტაბური დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც დიდი ოდენობით ფულს, სწორედ ევროპელი პენსიონერების ძარცვით შოულობდა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზება კი უძრავ-მოძრავი ქონების შეძენით ხდებოდა. სქემას მფარველობდა ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე და მისი უახლოესი გარემოცვა, რომელსაც ყოველთვიურად მიღებული უკანონო შემოსავლის 20 პროცენტი ერიცხებოდა.
საქმის მასალების მიხედვით, შავ ბაზარზე კონკურენტების ჩამოშორების და საკუთარი უკანონო საქმიანობის შენიღბვის მიზნით, დაჯგუფება პერიოდულად აწყობდა საჩვენებელ რეიდებს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ სხვადასხვა “ქოლცენტრში”. გამოძიება ამბობს, რომ ამ კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფა სწორედ ელისო კილაძეს ევალებოდა. მედიაში გავრცელდა ფარული აუდიო ჩანაწერიც, სადაც, სავარაუდოდ, ელისო კილაძე და მისი ბიზნესპარტნიორი, გივი ჯიბლაძე, განიხილავენ თუ როგორ უნდა ჩაძირონ ვინმე “შაკო“, რომელმაც მათთან შეუთანხმებლად დამოუკიდებელი ქოლ-ცენტრი დააფუძნა.
ადვოკატი ამბობს, რომ ელისო კილაძე ამ ჩანაწერის ავთენტიკურობას ეჭვქვეშ აყენებს, თუმცა სამხარაულის ექსპერტიზამ სიყალბის კვალი ვერ აღმოაჩინა. ვალერი გელბახიანი არ უარყოფს, რომ შენობაში, სადაც ელისო კილაძის ოფისი იყო განთავსებული, პარალელურად ქოლ-ცენტრი ფუნქციონირებდა, თუმცა ირწმუნება, რომ “ქრონიკა პლიუსის” დამფუძნებელს, მის მეზობლად მოქმედი თაღლითური ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.
ელისო კილაძე დანაშაულს უარყოფს, თუმცა ფაქტს მისი ყოფილი პარტნიორი, გივი ჯიბლაძე ადასტურებს. ჯიბლაძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს, მათ შორის, ელისო კილაძეს და ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს. ჩვენებაში წერს იმასაც, რომ ქოლ-ცენტრის საქმიანობაში უშუალოდ იყო ჩართული ფარცხალაძის გარემოცვაც, ძმები – დავით და გიორგი მიქაძეები, მიხეილ ჩოხელი და ირაკლი სეხნიაშვილი.
თავად გივი ჯიბლაძეს, რომელმაც ტრანსნაციონალური დანაშაული აღიარა, წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, გირაო შეეფარდა. ის კამერების წინ არ ჩნდება. კომენტარს არ აკეთებს ადვოკატიც.
დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს გივი ჯიბლაძესთან კავშირში მყოფი კიდევ ორი პირი – თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენება მისცა ისრაელის მოქალაქე ბენ ანორმაც, რომელიც ქოლ-ცენტრების პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებდა. ამჟამად, მასვე ეკუთვნის ის შენობაც, სადაც თაღლითური ორგანიზაცია იყო განთავსებული.
ქოლ-ცენტრების მასშტაბურ საქმეზე ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ და ძებნა გამოცხადდა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის, მიხეილ ჩოხელის, ირაკლი სეხნიაშვილის და დავით მიქაძის მიმართ. გიორგი მიქაძეს კი ბრალის დადგენილება საპატიმროში გააცნეს, სადაც ის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, წინასწარ პატიმრობაში უკვე იმყოფება. საუბარია ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ მკვლელობაზე. ამ საქმეშიც მთავარ ფიგურანტად, ძმებ მიქაძეებთან ერთად ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ოფიციალურად დასახელდა. მიქაძეების და ფარცხალაძის კავშირს ადვოკატიც ადასტურებს, თუმცა ძმების დანაშაულს ქოლ-ცენტრების საქმეში კატეგორიულად გამორიცხავს.
გამოძიებას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს უცხო ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქე, რომელიც ქოლ-ცენტრის თაღლითური სქემით თითქმის 10 მილიონით დაზარალდა. მათი დადგენა საერთაშორისო თანამშრომლობით და იმ კომპიუტერული ტექნიკის შესწავლის შედეგად მოხდა, რომელიც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
გამოძიების ინფორმაციით, თაღლითური ორგანიზაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ძირითადად პენსიონერებს ყალბ საინვესტიციო პლატფორმებში დიდი ოდენობით ფულის დაბანდებას სთავაზობდა, დაპირებული მოგების ნაცვლად კი მილიონობით ლარს თავად ითვისებდა. ამ სქემით მოქმედი არაერთი დაჯგუფება, გამოძიებამ უკვე ამხილა. მათ შორის, ცნობილი გახდა, რომ ქოლ-ცენტრების ერთ ჯგუფს პირადად სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა.
