ცვლილებები განათლების სფეროში
გადავდივართ აღსრულების აქტიურ ფაზაში. პირველი ეტაპი მოიცავს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას. მსურს წარმოგიდგინოთ ის ძირითადი საკითხები, რომელიც მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარედგინა საქართველოს პარლამენტს და მომავალ კვირას დაჩქარებული წესით იქნება განხილული:
- მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველკლასელთა ასაკი განსაზღვრული იყოს 6 წლით. ეს გულისხმობს იმას, რომ ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი. ცვლილებები ამოქმედდება 2026- 2027 სასწავლო წლისთვის.
- ახალი კონცეფციის თანახმად, სრული ზოგადი განათლება მოიცავს 11 წელს, რაც სავსებით საკმარისია ფუნდამენტური და პროფილური სწავლების სტანდარტების მისაღწევად.
- ამასთან, სისტემა შენარჩუნდება მე-12 კლასის შესაძლებლობა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ დამატებითი აკადემიური მზაობის გამტკიცებას წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
- საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ზოგადი განათლების საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად:2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხური 1-6 კლასი, ხოლო საბაზო საფეხური მე-7 -მე-9 კლასები იქნება რაც შეეხება საშუალო საფეხურს მე-10 მე-11 კლასებს ის 2027-28 სასწავლო წლიდან ამოქმედდება.
- ამავე სასწავლო წლიდან მე-11 კლასში სკოლაში იქნება უზრუნველყოფილი რეპეტიტორიუმი, რომელიც მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად მოემზადოს ეროვნული გამოცდისთვის.
- საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ზოგადი განათლების კონცეფცია ითვალისწინებს, ერთ სახელმძღვანელოზე გადასვლის პრინციპს, ეს გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას შექმნას ერთ კლასში, ერთ საგანში, ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო. ეს პროცესი 2028 წლის სექტემბრისთვის დასრულდება. 2026-2027 სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლებში, დაწყებით საფეხურზე, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმა.
- ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სკოლებში შემუშავდეს ელექტრონული საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენების წესი, რომელიც უზრუნველყოფს სწავლაზე ორინეტირებულ გარემოს.
- რექტორებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე, ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისს სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები- განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გამართულ ბრიფინგზე.
