მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა ბიუჯეტის არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვის რისკები გამოავლინა
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია 2025 წელს შექმნილი ეფექტიანობის დეპარტამენტის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. პრესრელიზის თანახმად, გასულ წელს ამ უწყების მუშაობით ბიუჯეტს 67.4 მილიონი ლარი დაეზოგა.
მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, ეფექტიანობის დეპარტამენტმა სულ 114.9 მილიონი ლარის სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები შეისწავლა, რომელთაგან დეპარტამენტის ჩართულობით 67.4 მილიონი ლარის ეკონომია განხორციელდა.
გარდა ამისა, მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა გამოავლინა ბიუჯეტის არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვის რისკები სახელმწიფო შესყიდვებში, რომელთა შესახებაც საგამოძიებო უწყებებში გაიგზავნა მასალები.
ეფექტიანობის დეპარტამენტი ირაკლი კობახიძის ინიციატივით 2025 წელს შეიქმნა და მას გასული წლის 23 ივნისიდან გურამ დუმბაძე ხელმძღვანელობს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში არაა ნათქვამი თუ რა უწყებებში მოხდა თანხის ეკონომია, რა პროგრამებს უკავშირდება თანხების დაზოგვა, რა მოცულობით იყვნენ ამ პროცესში ჩართული მხარჯავი უწყებები.
- “მიღებული ეკონომიის უდიდესი ნაწილი უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვების მართვის საკითხებს. კერძოდ, ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში, მიმდინარეობს დაგეგმილი/მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი და შესაძლო ნაკლოვანებების ანალიზი, რის საფუძველზეც, ხორციელდება პრევენციული ღონისძიებების გატარება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. დეპარტამენტი, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მონიტორინგს უწევს დადგენილებას დაქვემდებარებულ სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კონკურენტული გარემოს შექმნას, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეთა ჩართულობის ზრდას და გამჭვირვალე გარემოს დამკვიდრებას
მონიტორინგის ფარგლებში შემუშავდა ანგარიში, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება. მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირებული რისკების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა შესაბამის უწყებებს, რომლებსაც, რისკების პრევენციისა და შესაძლო ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის მიზნით, მიეცათ მითითებები და რეკომენდაციები,”- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მიღებული 2025 წლის 27 მაისის დადგენილებით ეფექტიანობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები საკონსულტაციო მომსახურების გაწევით შემოიფარგლება.
დადგენილების თანახმად უწყების ამოცანებია:
- “კომპეტენციის ფარგლებში, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში:
რისკების გამოვლენა, მონაცემების შეგროვება და ანალიზი, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებათა შეფასებისა და მათზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, რისთვისაც იგი უფლებამოსილია, გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია;
მონიტორინგისა და კონტროლის პროცედურების განხორციელება, შესაბამისობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით,”- ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში, რომელიც ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობას განსაზღვრავს.
