11 იანვარი 2026

იმედა იარაჯული უწმინდესის ეპისტოლეს “ცივგულა წერილებს” ადარებს

ცივგულა წერილების წერის ნაცვლად, უმჯობესია შობის ღამეს მაინც იმ ადამიანების გულში ჩაიხედოთ, ვისაც სიცოცხლე და ცხოვრება გაუმწარეს მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციურ წესრიგში ქვეყნის დარჩენას მოითხოვენ,– ამის შესახებ მოქ. ბოროტე ყურაშვილის სულიერი ძმა, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ (იმედა) იარაჯული სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ეპისკოპოსი აღნიშნავს, ქრისტეს შობა „რაიმე სახის ხელისუფლების, მოკვდავის კულტის ან მორალისტობის დღესასწაული“ არ არის.

  • „ცივგულა წერილების წერის ნაცვლად, უმჯობესია შობის ღამეს მაინც იმ ადამიანების გულში ჩაიხედოთ, ვისაც სიცოცხლე და ცხოვრება გაუმწარეს მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციურ წესრიგში ქვეყნის დარჩენას მოითხოვენ.
  • დღეს ქრისტეს შობაა და არა რაიმე სახის ხელისუფლების, მოკვდავის კულტის ან მორალისტობის დღესასწაული.

ღმერთი განხორციელდა თავისი ჯვარცმისა და მასთან ერთად შენი აღდგომისთვის. ის ყველას გულის კართან აკაკუნებს და არავის უმტვრევს გულის ან სახლის კარებს. ის შენი სულის საცხოვრისში შემოშვების ნებართვას გთხოვს. ის მასთან სერობისათვის შენს ნებართვას, შენი ნების მონაწილეობას მოითხოვს.

ქრისტეს შობა ნამდვილი თავმდაბლობისა და სრულყოფილი ადამიანობის დღესასწაულია. თუ ადამიანთა ჩაგვრაზე თვალს ხუჭავ და მით უფრო უარესი, სადღაც გულის სიღრმეში ამბობ: იმსახურებენ… რა ფასი აქვს შენ სიტყვას, ადამიანის გულსა და გონებაში ის როგორ შეაღწევს ?! ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს უსიცოცხლობის სიმბოლო-სიყალბე.

ჩვილად მოსული მარადიული სიცოცხლისა და იმედის დღესასწაულს ქრისტესშობას გილოცავთ!,- წერს ეპისკოპოსი ზენონ (იმედა) იარაჯული სოციალურ ქსელში.