ევროკომისია აშშ-ის მიერ ევროპელი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას გმობს და ახსნა-განმარტებას მოითხოვს
აშშ-ის მიერ ევროპელი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას მკაცრად ვგმობთ – აშშ-ის ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტება მოვითხოვეთ, – ამის შესახებ განცხადებას ევროკომისია ავრცელებს.
ევროკომისია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შიდა ბაზრის საკითხებში ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისა და დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციების ოთხი ხელმძღვანელისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება.
- „ევროკომისია ხუთი ევროპელი პირისთვის, მათ შორის ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას მკაცრად გმობს. გამოხატვის თავისუფლება ევროპაში ფუნდამენტურ უფლებას და დემოკრატიულ სამყაროში აშშ-სთან გაზიარებულ საერთო დემოკრატიულ ღირებულებას წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისია აცხადებს, რომ „ევროკავშირი ღია წესებზე დაფუძნებულ ერთიან ბაზარს წარმოადგენს, რომელსაც ეკონომიკური საქმიანობის დარეგულირების სუვერენული უფლება აქვს“.
- „ჩვენი ციფრული წესები ყველა კომპანიისთვის უსაფრთხო, სამართლიან და თანაბარ გარემოს უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ სწრაფი და გადამწყვეტი პასუხისთვის, რათა ჩვენი მარეგულირებელი ავტონომია გაუმართლებელი ზომებისგან დავიცვათ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
