სი ძინპინმა ვერ გამონახა დრო გერმანიის ლიდერთან შესახვედრად
გერმანული გაზეთი Die Welt-ის ცნობით, პეკინის უარი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის მიღებაზე კანცლერ ფრიდრიხ მერცის კაბინეტის საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობა იყო. გაზეთი აღნიშნავს, რომ მთავრობის მეთაურად ყოფნის ექვსი თვის განმავლობაში მერცი ერთხელაც არ ყოფილა ჩინეთში, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ვიზიტები ადრე გერმანიის კანცლერებისთვის სავალდებულოდ ითვლებოდა.
„Die Welt“-ის ცნობით, კანცლერის გრაფიკში შედიოდა ჩინეთსა და ინდოეთში ვიზიტების თარიღები, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სი ძინპინმა ვერ გამონახა დრო გერმანიის ლიდერთან შესახვედრად. გაზეთი პროგნოზირებს, რომ მერცს და ვადეფულს ახლა დიპლომატიური ტურბულენტობის პერიოდი ელის. გერმანიის ავტოინდუსტრიამ, რომელიც მჭიდრო კავშირშია ჩინეთის ბაზართან, შესაძლოა უკმაყოფილება გამოთქვას პეკინთან ურთიერთობების გაუარესების გამო.
გამოცემა ასევე ხაზს უსვამს, რომ მერცის მენეჯერული შესაძლებლობების მიმართ ეჭვები იზრდება CDU/CSU პოლიტიკურ ბლოკსა და სოციალ-დემოკრატებს შორის, განსაკუთრებით მის წინამორბედებთან, ანგელა მერკელთან და ოლაფ შოლცთან შედარებით, რომლებმაც ჩინეთთან პრაგმატული და ეკონომიკურად სტაბილური ურთიერთობები დაამყარეს
გერმანია ევროპაში ჩინეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, თუმცა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობები ბერლინში მთავრობის შეცვლის შემდეგ საგრძნობლად გაცივდა. მერცის ახალმა კოალიციამ პეკინის წინააღმდეგ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა და მხარი დაუჭირა ევროკავშირისა და აშშ-ის ანტიჩინურ ზომებს, მათ შორის ტექნოლოგიებისა და მიკროჩიპების ექსპორტის შეზღუდვებს. პეკინი ამ პოლიტიკას ზეწოლად და წინა გერმანელი ლიდერებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული პრაგმატიზმისგან გადახვევად მიიჩნევს.
