8 ნოემბერი 2025

ვინ მფარველობდა ძმებ ხუნდაძეებს?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან – გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის – კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი.

კობა ხუნდაძე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ვლადიმერ ხუნდაძის ძმაა ( თანამდებობა მან 2 თვის წინ დატოვა) და 4-გზის პარლამენტარ დიმიტრი ხუნდაძის ( მამლის ყივილამდე) ნათესავია.

ბიზნეს რეესტრიდან ირკვევა, რომ ხუნდაძე ორ კომპანიასთან არის დაკავშირებული, მათ შორის ორი დეველოპერულ ბიზნესში არის ჩართული. მათ შორის პირველია 2023 წლის ნოემბერში დაფუძნებული კომპანია “დაგი ბილდინგი” და 2023 წლის აგვისტოში დაფუძნებული “სამშენებლო კომპანია მალკო“. ორივე კომპანია დეველოპერულ ბიზნესში არის ჩართული და გლდანსა და დიდ დიღომში აშენებს საცხოვრებელ კორპუსებს. მათ შორის ხუნდაძე “დაგი ბილდინგის” 100%-ის წილს ფლობს, “სამშენებლო კომპანია მალკოში” კი 50% ეკუთვნის.
ხუნდაძე 2013 წელს 7 000$-ით ” ქართული ოცნების” შემწირველია.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი აქტივების კანონიერი სახის მისაცემად, შეიმუშავა რამდენიმე ეტაპიანი დანაშაულებრივი სქემა, რომლის განხორციელების ფარგლებშიც, დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით, თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონების ინვესტირება მოახდინა პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში.

აღნიშნული ქმედებებით, დაუსაბუთებელი ქონება ჩაერთო ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობაში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალჯერადი ტრანზაქციებით განახორციელა დაუსაბუთებელი აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს და მასზე საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა.


➡️ შედეგად, თითქოსდა კანონიერი შემოსავლით წარმოებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული 30 ერთეული უძრავი ქონება აღირიცხა ბრალდებულის და მისი საწარმოს საკუთრებად, ხოლო 51 ერთეული უძრავი ქონება შეტანილი იქნა ბრალდებულის მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის საწესდებო კაპიტალში. გარდა ამისა, როგორც უკვე ვახსენეთ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა 1 .319 .300 აშშ დოლარი.
➡️ აღნიშნული ქმედებებით, 2017-2025 წლებში, ბრალდებულმა კობა ხუნდაძემ მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია, მაშინ როდესაც მისი ძმა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.
➡️ დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
➡️პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.