ვის ჩაუშვებს ჯუანშერი?!
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე (2021 წლის 22 თებერვლიდან – 2024 წლის 8 თებერვლამდე ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვის და უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციისათვის დაკავებულია.
სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა, მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, 2025 წლის იანვარში, 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი.
ჯამში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განახორციელა 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.
სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
ჯუანშერ ბურჭულაძე:
- 1998-1999 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი.
- 1999-2001 წლებში იყო შპს „ლუქსის“ ფინანსური მენეჯერი.
- 2001-2004 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სალიკვიდაციო კომისიის ეკონომისტი.
- 2004-2005 წლებში ს.ს. „ქართუ ბანკის“ პლასტიკური ბარათები მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.
- 2005-2006 წლებში ს.ს. „სტანდარტ ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის პირადი ბანკირი.
- 2006-2007 წლებში ს.ს. „სტანდარტ ბანკის“ ბუდაპეშტის განყოფილების მმართველი.
- 2007 წელს – ს.ს. „სტანდარტ ბანკის“ საბურთალოს ფილიალის მმართველი.
- 2007-2010 წლებში ს.ს. „კორ – სტანდარტ ბანკის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი.
- 2010-2015 წლებში იყო ფინანსური მენეჯერი საქართველოს საელჩოში, აშშ-ში.
- 2015 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე.
- 2015-2016 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
- 2016-2019 წლებში ამავე ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე.
- 2019 წლის 8 სექტემბრიდან -2021 წლის 22 თებერვლამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე,
- 2021 წლის 22 თებერვლიდან- 2024 წლის 8 თებერვლამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
