პრემიერი: ძმათამკვლელი ომის შემდეგ შერიგება ორმხრივი მონანიების გარეშე, დამეთანხმებით, შეუძლებელია
იმას, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, თვეზე მეტია მთელი გუნდი აცხადებს და ამ მხრივ, ბიძინა ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, თვეზე მეტია, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ომის დაწყების თემაზე ვერაფერს ამბობენ.
- „მინდა გამოვეხმაურო ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ქართულ-ოსური შერიგების შესახებ და ამ განცხადების გარშემო ხელისუფლების ოპონენტების მიერ აგორებულ არაჯანსაღ აჟიოტაჟს.
- ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი – ომით ან შერიგებით.
- ძმათამკვლელი ომის შემდეგ შერიგება კი, ორმხრივი მონანიების გარეშე, დამეთანხმებით, შეუძლებელია.
- როდესაც ასეთ პირობებში მონანიებისა და შერიგების იდეას ისტერიკას უპირისპირებ, აშკარაა, რომ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთ გზად ომს განიხილავ. ასეთ დროს, არ უნდა გიკვირდეს, როდესაც ომის პარტიად მოგიხსენიებენ.
- ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომის გამო, ქართველებს ოსებთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი.
- იმას, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, თვეზე მეტია მთელი გუნდი აცხადებს და ამ მხრივ, ბიძინა ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს.
- ასევე თვეზე მეტია, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ომის დაწყების თემაზე ვერაფერს ამბობენ.
- ვერც იტყვიან, რადგან სხვადასხვა დროს როგორც სამივე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ისე სალომე ზურაბიშვილს მკაფიოდ აქვთ დადასტურებული, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო“, – განაცხადა პრემიერმა.