ვალერი კავარცხელია: თავს ვიკავებ ამგვარი საქციელის გამომხატველი სიტყვის გამოყენებისგან, რომელიც ამ სტატიის სათაურადაც გამოდგებოდა!
- “ევროპაში მიხვდნენ, რომ ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში, “მილიონერული” ზრახვები კი არა, ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესები ამოძრავებს.
- ბიძინა ივანიშვილმა კი ქართულ პოლიტიკაში ძალიან ნელა და ძალიან ფრთხილად, მაგრამ მოხერხებულად შემოიტანა ქართული ეროვნული ღირსებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღდგენის სულისკვეთება, რომელიც კიდევ უფრო მაღალ რანგში აჰყავს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
- გაიგეთ, რა გვითხრეს? საქართველოში, ოლიგარქიის არსებობა კი არა, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის არსებობა გვაშფოთებსო.სააკაშვილის, ნაყოფიას, ხაზარაძის, კეზერაშვილისა და მათი მსგავსი სხვა ძაღლისშვილების არსებობა არ გვაშფოთებს, რადგან ისინი ჩვენი ძაღლისშვილები არიანო.
- ზურაბიშვილმა ახლა გაიგო ის ამბავი, რომ ივანიშვილმა კაპიტალი რუსეთში დააგროვა? იმ დროს, როდესაც ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ზურაბიშვილის კანდიდატურა წამოაყენა, მან, ერთი მხრივ, ოლიგარქისგან, მეორე მხრივ კი, იმ პიროვნებისგან, რომელმაც “კაპიტალი რუსეთში დააგროვა“, რატომ არ იუკადრისა ეს შეთავაზება?!
გამოიცანით სტატიის სათაური!
საქართველოში სიტყვა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ გააქტიურდა. ოლიგარქიის კლასიკური გაგება (პლატონი, არისტოტელე) მდიდართა მმართველობაა. საერთოდ, კლასობრივ (უსამართლო) საზოგადოებაში (მონათმფლობელური, ფეოდალური, კაპიტალისტური) ყოველთვის მდიდართა მმართველობაა. ერთ შემთხვევაში ისინი არიან მონათმფლობელები; მეორე შემთხვევაში – სამეფო დინასტიები; მესამე შემთხვევაში – კაპიტალისტები.
აშშ-ის უკლებლივ ყველა პრეზიდენტი მილიონერი იყო. მათ შორის ყველაზე მდიდარი დონალდ ტრამპი გახლდათ, რომლის კაპიტალი 4 მილიარდ დოლარს აღწევდა. ყველაზე ღარიბი (ეს თუ სიღარიბედ ჩაითვლება) ბარაკ ობამა იყო, რომლის კაპიტალი სულ რაღაც 7 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა მთავარი, რა თქმა უნდა, ამერიკელი პრეზიდენტების სიმდიდრე არ არის. მთავარი ის ძალაა, რომელსაც პრეზიდენტები მოჰყავს. აშშ-ის ისტორიაში ყველაზე “ღარიბი” პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, წინასაარჩევნო კამპანია ყველაზე ძვირი (ხუთი მილიარდ სამასი მილიონი დოლარი) დაჯდა. ეს ასტრონომიული თანხა ბარაკ ობამას სიზმარშიც არ ექნება ნანახი, მაგრამ მისი გაპრეზიდენტება სწორედ ამდენი დაუჯდა გაბატონებულ კლასს.
საქართველოში ბევრი მდიდარი არ გვყავს, მაგრამ მდიდართა შორის თითქმის არავინ არის ისეთი, ვინც ხელისუფლების მართვაში მონაწილეობისკენ არ ისწრაფვის. წინა მოწვევის პარლამენტში ორმოცდაერთი ოფიციალური მილიონერი იყო წარმოდგენილი. არ დავინტერესებულვარ და არ ვიცი მოქმედ პარლამენტში რამდენი მილიონერი დეპუტატი გვყავს, მაგრამ, სავარაუდოდ, მათი რაოდენობა თუ არ გაიზრდებოდა, არც შემცირდებოდა. ეს უკვე ოლიგარქიული მმართველობაა, რადგან, მილიონერები ღარიბი მოსახლეობის ინტერესებს მოსაჩვენებლად და თვალთმაქცურად თუ დაიცავენ, ანუ დაიცავენ მხოლოდ იქამდე, სანამ ხალხის ინტერესები მათ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოვა.
ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც საკითხი პრინციპულად დადგება, ისინი საკუთარ (მილიონერულ) ინტერესებს დაიცავენ ხალხის ინტერესების საზიანოდ.
ასე რომ, ოლიგარქიული მმართველობის დაკავშირება რომელიმე ერთ პიროვნებასთან სერიოზული შეცდომაა, რადგან კაპიტალისტური სისტემა ავტომატურად ნიშნავს ოლიგარქიულ მმართველობას.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთი პიროვნების სახელით და გვარით (ბიძინა ივანიშვილი) არასწორი აპელირება მხოლოდ იმით არ არის განპირობებული, რომ იმ ერთ ადამიანს სხვებთან შედარებით გამორჩეულად დიდი კაპიტალი აქვს, აქ სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს.
როგორც ჩანს, ევროპასა და ამერიკაში დარწმუნდნენ, რომ ივანიშვილი საქართველოს მიმართ დასავლურ დამოკიდებულებასა და მიზნებს არ იზიარებს; მიხვდნენ, რომ ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში, “მილიონერული” ზრახვები კი არა, ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესები ამოძრავებს.
მართალია, დღეს იგი გასულია პოლიტიკური ცხოვრებიდან, მაგრამ ქვეყნის მართვის სადავეები ჯერ კიდევ მისი კადრებისა და პოლიტიკური გუნდის ხელშია, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პატრიოტულ სულისკვეთებას ინარჩუნებენ.
დასავლეთი ბიძინა ივანიშვილს სწორედ ამ სულისკვეთების გაჩენისა და ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი დამკვიდრების გამო ებრძვის.
ბიძინა ივანიშვილი კი არა, მისი ეს სულისკვეთებაა მათთვის მიუღებელი, ვინაიდან ისინი მიჩვეულნი არიან, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში მოსული ყველა ლიდერი დასავლეთის ინტერესებს ემსახურებოდა.
ბიძინა ივანიშვილმა კი ქართულ პოლიტიკაში ძალიან ნელა და ძალიან ფრთხილად, მაგრამ მოხერხებულად შემოიტანა ქართული ეროვნული ღირსებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღდგენის სულისკვეთება, რომელიც კიდევ უფრო მაღალ რანგში აჰყავს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
ბევრისთვის ეს, შესაძლებელია, ძნელად გასაგები და კიდევ უფრო ძნელად დასაჯერებელი იყოს, მაგრამ ამას ბიძინა ივანიშვილის მიერ მოყვანილი გუნდის მოქმედებაზე მეტად მისი პერსონის მიმართ დასავლეთის ყველაზე ბინძური პოლიტიკური წრეების დამოკიდებულება ამჟღავნებს.
დასავლეთის ეს დამოკიდებულება დამალული არ არის, ღიაა, მაგრამ საქართველოში ცნობიერების იმ მასშტაბის კოლაფსი გვაქვს, რომ ხალხის დიდი ნაწილის გონებამდე ვერ აღწევს ის, რასაც თვალით ხედავენ, და ვერც ის, რაც ყურში ესმით. უფრო გასაგებად როგორ უნდა გვითხრან ის, რომ ისინი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან და არა ზოგადად ქართულ ოლიგარქიას.
ეს ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების წლიური ანგარიშის განხილვისას გვითხრა.
აი, მისი ნათქვამი: „თუ „ქართულმა ოცნებამ” ვერ გაიგო, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია აღნიშნული, მე დავეხმარები, რომ გაიგოს: ეს ნიშნავს საქართველოს „დებიძინიზაციას” ან „დეივანიშვილიზაციას“.
გაიგეთ, რა გვითხრეს? საქართველოში, ოლიგარქიის არსებობა კი არა, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის არსებობა გვაშფოთებსო.სააკაშვილის, ნაყოფიას, ხაზარაძის, კეზერაშვილისა და მათი მსგავსი სხვა ძაღლისშვილების არსებობა არ გვაშფოთებს, რადგან ისინი ჩვენი ძაღლისშვილები არიანო.
ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის არსებობით ვართ შეწუხებულიო.
თქვენ, ვისაც ხალხი გქვიათ, ერთხელ მაინც თუ დაგისვამთ შეკითხვა მათთვის ან საკუთარი თავისთვის: რატომ არ აშფოთებთ მათ ზემოთ ჩამოთვლილი და არჩამოთვლილი ოლიგარქების არსებობა და რატომ ამოიჩემეს ივანიშვილი, რას ერჩიან, რას უწუნებენ მას, რატომ არ უყვართ იგი ასე ძალიან?
სრულიად ერთმნიშვნელოვანია, რომ აქ მისი ოლიგარქობა არაფერ შუაშია. დასავლეთისთვის მისი ის პოზიციაა აუტანელი, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესებითაა ნაკარნახები და შელახული ეროვნული ღირსების აღდგენისკენ და დასავლეთის მიერ წართმეული სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის ხელახლა მოპოვებისკენაა მიმართული.
დასავლეთის ამ სამარცხვინო პოზიციაზე მეტყველებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ფრანგული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ამოხეთქილი ბოღმა: “დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის“.
- ყველა ოპოზიციური პარტიისა და ყველა ოპოზიციური ტელეარხის მფლობელი და დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი ოლიგარქი არ ყოფილა;
- ხალხის ძარცვით გამდიდრებული ბანკირები, რომლებიც პოლიტიკას ეტმასნებიან, ოლიგარქები არ ყოფილან;
- სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ასევე ხალხის ძარცვით გამდიდრებული ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც დღემდე პოლიტიკაში არიან, ოლიგარქები არ ყოფილან;
- თანამდებობის ბოროტად გამოყენებით გამდიდრებული პრეზიდენტყოფილი, რომელიც ხაზინის ქურდობისთვის სასჯელს იხდის და, ამავე დროს, რამდენიმე ტელეარხისა და პოლიტიკური პარტიის მფლობელია, თურმე ოლიგარქი არ ყოფილა.
გესმით, დასავლეთის ამ ძალების ორმაგი სტანდარტი და ოთხმაგი უზნეობა?! მატყუარა ადამიანს ასე წყევლიან: მაგ სიმართლით იარე!
დასავლეთის პოლიტიკურ თაღლითებსა და საქართველოში მათი “მეხუთე კოლონის” ღია წარმომადგენელ სალომე ზურაბიშვილს წყევლით ვერ შევაკავებთ, რადგან ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ სატანის ნაშიერობა და სატანასთან წილნაყარობა მათ ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.
ხსენებულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ იგი საქართველოს პრეზიდენტის სავარძელში ბიძინა ივანიშვილმა ჩააბრძანა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა.
ივანიშვილისთვის ოლიგარქი სწორედ იმ დროს შეიძლებოდა ეწოდებინათ, როდესაც სალომე ზურაბიშვილი მან პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენა, ვინაიდან იმ დროს იგი მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო და პოლიტიკურ პროცესებს თავად უძღვებოდა.
დააკვირდით პრეზიდენტის ზნეობას: ოლიგარქი პირადად მას პრეზიდენტის სავარძელს თუ უბოძებს, იგი სიამოვნებით მოერგება ამ სავარძელს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოლიგარქი ყველა თანამდებობიდან წავა და პოლიტიკას მთლიანად გაემიჯნება, თუკი იგი დასავლეთისთვის რატომღაც მიუღებელ პერსონად იქცევა, ქალბატონი ზურაბიშვილი მათგან ივანიშვილის ოლიგარქობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენას კი არ ითხოვს, უყოყმანოდ დგება დასავლეთის იმ უსინდისო ძალების გვერდით, რომლებსაც ივანიშვილი მისი პატრიოტული სულისკვეთების გამო სძულთ.
აი, ასე იკვეთებიან და წყვილდებიან გზები სატანისანი, რომელ გზასაც ზურაბიშვილი საბოლოოდ დაადგა. პრეზიდენტი უსირცხვილოდ აცხადებს:„ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ასე რომ, მისი წარსული მის მენტალიტეტზე გავლენას ახდენს”.
ზურაბიშვილმა ახლა გაიგო ის ამბავი, რომ ივანიშვილმა კაპიტალი რუსეთში დააგროვა? იმ დროს, როდესაც ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ზურაბიშვილის კანდიდატურა წამოაყენა, მან, ერთი მხრივ, ოლიგარქისგან, მეორე მხრივ კი, იმ პიროვნებისგან, რომელმაც “კაპიტალი რუსეთში დააგროვა“, რატომ არ იუკადრისა ეს შეთავაზება?!
რა გამოდის, პრეზიდენტისთვის ბიძინა ივანიშვილი იქამდე არ არის ოლიგარქი, სანამ იგი მის ინტერესებს აკმაყოფილებს, მაგრამ, როგორც კი მათი ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდება, იგი იმავე წუთს ოლიგარქად იქცევა?
თავს ვიკავებ ამგვარი საქციელის გამომხატველი სიტყვის გამოყენებისგან, რომელიც ამ სტატიის სათაურადაც გამოდგებოდა. ძვირფასო მკითხველო, დარწმუნებული ვარ, რომ იმ სიტყვის გამოცნობა და, შესაბამისად, ამ სტატიის დასათაურება არ გაგიჭირდებათ!
ვალერი კვარაცხელია